გამარტივებული სავიზო რეჟიმი ემიგრანტებს ცხოვრებას ურთულებს

გამარტივებული სავიზო რეჟიმი ემიგრანტებს ცხოვრებას ურთულებს

ევროკავშირმა საქართველოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი დაუმტკიცა, მაგრამ არალეგალ ქართველ ემიგრანტებს ცხოვრება გაურთულა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროკავშირის ქვეყნებიდან ასობით ათასი ქართველის დეპორტაცია მოხდება.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ. ამის შესაძლებლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ახალი სავიზო შეთანხმება იძლევა, რომელიც ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა. 

ევროპარლამენტარებმა ასევე მხარი დაუჭირეს არალეგალი მიგრანტების რეადმისიის შესახებ თბილისთან შეთანხმებასაც.  სავიზო ხელშეკრულება გაამარტივებს მექანიზმებს და შეამცირებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მოკლევადიანი ვიზის მისაღებად სჭირდებათ (ვიზა ევროკავშირის ზონაში 90 დღით დარჩენის უფლებას იძლევა).

ვიზები განაცხადის შეტანიდან 10 დღის განმავლობაში გაიცემა და მისი ფასი 35 ევრო იქნება. თუმცა, გამონაკლისის სახით ვიზის საფასურს არ გადაიხდიან სტუდენტები, ჟურნალისტები, პენსიონერები, 12-წლამდე ასაკის ბავშვები, უმწეო ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ლეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უახლოესი ნათესავები. 

რაც შეეხება არალეგალ ემიგრანტებს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, არალეგალი ემიგრანტების რეადმისიის შესახებ.  საქართველო და ევროკავშირი ვალდებულები იქნებიან, დააბრუნონ სამშობლოში ნებისმიერი არალეგალი ემიგრანტი. მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს ასევე დააბრუნებენ, თუკი დამტკიცდა, რომ ვიზა გაცემულია დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნის მიერ ან ცხოვრობდა ან ტრანზიტით იმყოფებოდა ქვეყანაში. 

ევროპარლამენტში ორშაბათს, საღამოს გამართულ დებატებზე ნატალი გრისბეკმა განაცხადა, რომ ”ეს შეთანხმებები საინტერესოა რეგიონული მიმართულებით, რადგან მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობას, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით”. 

მისივე თქმით, შეთანხმებები უბიძგებს საქართველოს, შეასუსტოს ყველა საჭირო რეფორმა თავისუფლების, უსაფრთხოების, სამართლის საკითხებში და ასევე ებრძოლოს არალეგალურ ემიგრაციას.

უცხო ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების ძირითადი არგუმენტი სამშობლოში პოლიტიკური შეხედულებების გამო განხორციელებული დევნაა, თუმცა მათ უმრავლესობას ამის დამტკიცება უჭირს. 

აგვისტოს ომის შემდეგ, ქართველები უცხოეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებს ლტოლვილობის სტატუსის მისაღებდაც ხშირად აკითხავენ, ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებულად პოლონეთის და გერმანიას უკავშირდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ლტოლვილის სტატუსის მიღება ბევრად იოლი მისაღწევია, ვიდრე პოლიტიკურ თავშესაფრისა. 

ევროკავშირთან ვიზების გამარტივება დიდ თავსატეხს გაუჩენს არალეგალ ქართველებს. ამის შესახებ ექსპერტები ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედებული არ იყო. 

”როგორც კი ევროკავშირთან ამოქმედდება გამარტივებული სავიზო რეჟიმი, ძალიან ბევრი არალეგალი ქართველის დეპორტაცია მოხდება.  მათი საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 500 ათასი იქნება. პირველ ეტაპზე საქართველოს, ალბათ, 100 ათასამდე თანამემამულის უკან მიღება მოუხდება, მერე კი ეს ციფრი გაიზრდება. 

ეს კი ქვეყანას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ დეპორტაციის მომლოდინე არალეგალმა ქართველებმა თავშესაფრის ძიება უკვე არაევროკავშირის ქვეყნებში დაიწყონ”, - განაცხადა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ სულაბერიძემ. 

დღევანდელი მონაცემებით, რუსეთში, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ ევროპაში, აზიის ზოგიერთი ქვეყანაში, ამერიკაში 1,5 მლნ-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს.