ლეო მესი არგენტინაში დაბრუნებას აპირებს

ლეო მესი არგენტინაში დაბრუნებას აპირებს

გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა.

არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“
თავდამსხმელი ლეო მესი მომავალში ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

„ბარსელონაში“ თამაშს 32 წლის ასაკამდე ვაპირებ. ამჟამად 25 წლის გახლავართ და ამჟამინდელ კლუბში დარჩენას კიდევ ექვსი წლის განმავლობაში ვგეგმავ.

ევროპის კონტინეტზე არაერთი ხელსაყრელი შემოთავაზება გამაჩნია, მაგრამ „ბარსას“ მიტოვებას კატეგორიულად არ ვაპირებ.

არგენტინის დიდი პატრიოტი გახლავართ და საფეხბურთო კარიერას ამ ქვეყანაში დავასრულებ. თამაშს დაახლოებით 35 წლამდე ვაპირებ. სურვილი მაქვს ბოლო სამი წელიწადი სამშობლოში ვიასპარეზო. მომავალი გუნდის შესახებ დღეს ვერაფერს გეტყვით. თუმცა გამოგიტყდებით, რომ ის ალბათ „ნიუეს ოლდ ბოიზი“ იქნება.“ - განაცხადა გუშინ სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა.

ლეო არგენტინაში დაბრუნებას აპირებს, მისი სახელგანთქმული თანამემამულე კოლეგა, ხუან რომან რიკელმე კი კვლავ დიდ ფეხბურთში აღმოჩნდა.

გასული წლის ზაფხულში 34 წლის რიკელმემ პროფესიული კარიერა ოფიციალურად დაასრულა, მაგრამ უმოქმედოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაძლო.

არგენტინული მას-მედიის მტკიცებით, ხუან რომანი კლუბ „ბოკა ხუნიორსში“ ჩაირიცხა.

მიმდინარე წლის დასაწყისში რიკელმეს “ბოკაში” დაბრუნება შესთავაზეს, რაზეც ფეხბურთელმა უარი განაცხადა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ თავად მიმართა კლუბს და საკუთარი მომსახურება შესთავაზა. რომანი ვარჯიშს უახლოეს პერიოდში განაახლებს.