იმ ადამიანთა სამ მეოთხედზე მეტს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, ნახევარი წლის შემდეგაც კი, ვირუსის, სულ მცირე, ერთი სიმპტომი მაინც აქვს, - ამის შესახებ Aljazeera ჩინელი მეცნიერების ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
კვლევაში ჩართული იყო ჩინეთის ქალაქ უხანში მცხოვრები და ვირუსგადატანილი 1 733 ადამიანი.
მეცნიერების დასკვნით, დაღლილობა და სისუსტე ყველაზე გავრცელებული გახანგრძლივებული სიმპტომებია. ასევე, კვლევაში აღნიშნულია ძილის გართულებაც. გამოკვლეულთა 63% აცხადებს, რომ დაღლილობა და კუნთების სისუსტე 6 თვის შემდეგაც აწუხებს. 26%-მა კი თქვა, რომ ძილის პრობლემა აქვს.
მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ, მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო. განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ვირუსი რთულად გადაიტანეს.
კვლევის კიდევ ერთი მიგნებაა ის, რომ 6 თვის შემდეგ ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, პაციენტებში ანტისხეულების დონე 52.5%-ითაა შემცირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.