გიორგი ვაშაძე: ვიმედოვნებ, კარგად დაფიქრდება „ქართული ოცნება“, მიხვდებიან, რომ 4 ადამიანის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ოპოზიციის შესვლას და სწორი წინადადებით მოვლენ მეხუთე რაუნდზე

გიორგი ვაშაძე: ვიმედოვნებ, კარგად დაფიქრდება „ქართული ოცნება“, მიხვდებიან, რომ 4 ადამიანის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ოპოზიციის შესვლას და სწორი წინადადებით მოვლენ მეხუთე რაუნდზე

იმედი მაქვს, გაუგებარი რიტორიკა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შეიცვლება და პროცესებს უფრო რაციონალურად შეხედავენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პარლამენტს რამდენი დეპუტატიც არ უნდა დაემატოს, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური შეთანხება და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეესკალაცია მოხდა.

„ჩვენ რა გვინდა - ყველამ ამტკიცოს თავისი პოზიციის სიმყარე და ამ ძიძგილაობაში ფაქტობრივად საქართველომ პერსპექტივა დაკარგოს? კარგად უნდა დაფიქრდეს თალაკვაძეც, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერიც, რომ სახელმწიფოებრივი პოზიცია უნდა ჰქონდეს და არა ვიწრო პოლიტიკურ-პარტიული პოზიცია, რომელიც მათ აწყობთ და რომელიც უნდათ, რომ ჰქონდეთ. ასე ვერ გაგრძელდება. კიდევ რამდენიმე პარლამენტარიც რომ დაემატოს, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური შეთანხმება და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეესკალაცია მოხდა. იმიტომ, რომ ჩვენი მხარდამჭერების პოზიციიდან გამომდინარე გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს და ქვეყანამ ნორმალური განვითარება დაიწყოს“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“ დაფიქრდება და მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე „სწორი წინადადებით“ მივა.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ შეთანხმება, რომელიც უნდა შედგეს, ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. ოპოზიციამ, ჩვენი მხრივ ვუჩვენეთ მოქნილობა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით - გაზაფხული თუ შემოდგომა, არჩევნების ნაცვლად პლებისციტის ჩატარებაზეც ვუჩვენეთ ჩვენი მოქნილობა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი კომპრომისული ვერსიები „ქართული ოცნებისგან“ არ მოგვისმენია. აქედან გამომდინარე ველოდებით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც ოპოზიციისთვის მისაღები იქნება. ჩვენ კიდევ უფრო კომპრომისულ ვარიანტზე მსჯელობას ვერ დავიწყებთ, როდესაც ვთქვით ერთი, მეორე და მესამე კომპრომისი და ამის მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან ადეკვატური პასუხი არ არის. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ შემდეგი ერთი კვირა-10 დღის განმავლობაში კიდევ კარგად დაფიქრდება „ქართული ოცნება“, მიხვდებიან, რომ 4 ადამიანის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ოპოზიციის შესვლას და სწორი წინადადებით მოვლენ მეხუთე რაუნდზე. მეხუთე რაუნდი გაიმართება მაშინ, როდესაც კონტური გამოჩნდება წინ გადადგმული ნაბიჯის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძეს აქვს მოლოდინი, რომ ამერიკელი პარტნიორების რიტორიკა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულებით შეიცვლება.

„ვფიქრობ, რიტორიკა შეიცვლება იმ მიმართულებით, რომ იქნება მეტი მოწოდება იმ კომპრომისთან დაკავშირებით, რა ნაბიჯიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას, დაველოდოთ ამ მოვლენებს. უფრო ადრე ველოდი ამ ყველაფერს, მაგრამ არ ვიცი, რა გავლენას მოახდენს ბოლო დღეებში ვაშინგტონში განვითარებული პროცესები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციების ჩამოყალიბებაზე. თუმცა 20-ში არის ინაუგურაცია და ამის შემდეგ უკეთ გამოჩნდება, რამდენად სწრაფად უნდა ველოდოთ პოზიციებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ სიიდან 4 პირის პარლამენტში შესვლას და განაცხადა, რომ ეს „ოპოზიციის ფლანგზე ამინდს ვერ შეცვლის“.

„პატრიოტთა ალიანსს“ აქამდეც დიდად ოპოზიციის ფლაგმანად არავინ აღიქვამდა. მათ საკუთარი ქმედებებითაც დაამტკიცეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტია, რომელსაც რაღაც ღირებულებები აქვს, არამედ ეს არის გარკვეული ინტერესების გარშემო შეკრებილი ადამიანთა ერთობა. აქედან გამომდინარე, „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციის ფლანგზე ამინდს ვერ შეცვლის. ისინი არასდროს თანამშრომლობდნენ ჩვენთან და ჩვენ არ ვთანამშრომლობდით მათთან. განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური ვექტორიდან გამომდინარე აბსოლუტურად მიუღებელია მათი ნებისმიერი პოზიციონირება ქართულ პოლიტიკაში. რაც უფრო ცოტა იქნება „პატრიოტთა ალიანსი“, მით უკეთესია საქართველოს მომავლისთვის იმიტომ, რომ რუსეთზე ნაკლებად მიბმული პოლიტიკური პარტიები გვეყოლება“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა პარლამენტში სხვა პარტიების წარმომადგენლებიც შევიდნენ და ამით ოპოზიციის პოზიციები შესუსტდეს, ვაშაძე „დიდ რისკს“ ვერ ხედავს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და შეთანხმება უნდა შედგეს. შეთანხმების გარეშე ცალკეული ადამიანების პარლამენტში შესვლა ან არშესვლა ვერ განიხილება ვერც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება სტაბილურ პოლიტიკურ ჩარჩოში გადავიდა. ეს ვერ იქნება და ამით „ქართული ოცნება“ თავს ნუ მოიტყუებს“,- განაცხადა ვაშაძემ.