ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 45% კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმს მხარს უჭერს.
გამოკითხვის ფარგლებში 1 397 რეგისტრირებული ამერიკელი ამომრჩეველი გამოიკითხა. გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ კონგრესში შეჭრა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
რაც შეეხება „რესპუბლიკელ“ ამომრჩევლებს, 45%-მა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ, ხოლო 43%-მა აღნიშნული ქმედებები არ მოიწონა.
6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.