სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიის დიდ მექაში ასეთი ამბები ხდება, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით მსგავსი ფაქტები მხოლოდ ე.წ. ბანანის რესპუბლიკაში ხდება.
„რაც მოხდა ვაშინგტონში ეს საბოლოოდ ასამარებს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ რევოლუციურ სცენარს, რომელსაც ისინი კარგა ხანია მიყვებიან. დასავლელმა პოლიტიკოსებმა, პრესამ დაგმო გუშინ განვითარებული მოვლენები და ამ მოვლენას გადატრიალების მცდელობა უწოდა.
ასეთი რაღაცები მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ბანანის რესპუბლიკაში ხდება. სამწუხაროდ დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.