პარლამენტებზე შეტევა ზუსტად დემოკრატიაზე შეტევაა, არ შეიძლება უფლებების დაცვა მსგავსი მეთოდებით, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ამირან სალუქვაძე გუშინ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს.
„გუშინ რაც მოხდა ვაშინგტონში, ვინც ამას საღად და ობიექტურად აფასებს, ეს არის შეტევა დემოკრატიაზე“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.