კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერში“ წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.
„სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.