გიორგი ხელაშვილი: დემოკრატიულ ქვეყნებში საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური დანაშაულია

გიორგი ხელაშვილი: დემოკრატიულ ქვეყნებში საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური დანაშაულია

ამერიკულ დემოკრატიას არაფერი ემუქრება, მაგრამ ახლა უფრო ცხადად გამოჩნდება, სად არის ძალადობა და სად - დემოკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით - საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური დანაშაულია. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ძალიან კარგია, რომ ამერიკელებმა ეს საკუთარი თვალით ნახეს. რა თქმა უნდა, ამერიკულ დემოკრატიას არაფერი ემუქრება, მაგრამ ახლა უფრო ცხადად გამოჩნდება, სად არის ძალადობა და სად - დემოკრატია“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.