მიხეილ სარჯველაძე: ამნისტიის აქტიის  მიზანი პოლიტიკური სიტუაციის განეიტრალება არ ყოფილა

მიხეილ სარჯველაძე: ამნისტიის აქტიის  მიზანი პოლიტიკური სიტუაციის განეიტრალება არ ყოფილა

მოლოდინი გვაქვს, რომ 1000-ზე მეტ ადამიანს შეეხება ამნისტია, მითუმეტეს, მას შემდეგ რაც გაფართოვდა წრე ამ მუხლების, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ "პალიტრანიუსის” გადაცემა ”დღის ნიუსრუმში” განაცხადა, სადაც "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრა.

სარჯველაძემ განმარტა, რომ მოსაზრება, რომ ეს ამნისტია მოიცავს მხოლოდ “მკვდარ მუხლებს”, არასწორია.

“თავდაპირველად როგორც გახსოვთ ინიციატივა მოიცავდა 45 მუხლს და როგორც კი დარეგისტრირდა კანონპროექტი, მაშინვე ბრიფინგი რომ გაიმართა, იქვე ითქვა, რომ ჩვენ ვხსნით დისკუსიას, მოვისმენთ მოსაზრებებს სად შეიძლება ვნახოთ საშუალება, რომ გავაფართოვოთ ამნისტიის ასპარეზი - გავრცელების არეალი. და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კომიტეტში ჯერ მარტო ასეულობით განმცხადებლის ინიციატივაა, მათ შორის, საპატიმროში მყოფების. ნაწილის გათვალისწინება მოხერხდა, ნაწილის ვერ მოხერხდა და ეს იყო ისეთი სადისკუსიო თემები, რომ საინტერესო იყო მთლიანად პარლამენტის შიგნით მომხდარიყო შეთანხმება. იყო საკამათო მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ქურდების მუხლი, თავდაპირველად ინიციატივაში ჩადებული გვქონდა, რომ 177-ე მუხლი - ქურდობის მუხლი, გავრცელებული მხოლოდ პირველ ნაწილზე. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ შეიძლებოდა წავსულიყავით იმ გზითაც, რომ ქურდობის უფრო რთული კატეგორიებიც დაგვემატებინა ამნისტიისთვის, თუმცა იყო განსხვავებული აზრი და ამიტომ აუცილებელი იყო კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური, რომელიც მთლიან მხარდაჭერას მოიპოვებდა. დახურულ კარს მიღმა არც ერთი კონსულტაცია არ წარმართულა, გარდა სამუშაო შეხვედრებისა, თუმცა კომიტეტზე ყველა ამ საკითხზე საუბარი იყო.

რაც შეეხება მუხლების შემადგენლობას, პლენარულ სხდომაზე ისე იქნა მიღებული, რომ ყველა მუხლი, რომელიც დღეს პროექტშია, ყველა იყო საჯაროდ გამოქვეყნებული. იმ ამნისტიისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ “მკვდარ მუხლებს” ეხება, აქ ეს შემთხვევა არ გვაქვს, რადგან აქ არის ისეთი მუხლები, რომლებიც ძალიან ფართო წრეს ეხება დამნაშავეების, მაგალითად, ნარკოდანაშაულებების და მოლოდინი გვაქვს, რომ 1000-ზე მეტ ადამიანს შეეხება ამნისტია, მითუმეტეს, მას შემდეგ რაც გაფართოვდა წრე ამ მუხლების. ამიტომ ამნისტიის კანონპროექტში არის გავრცელებული მუხლები, რომელიც არის ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული, ეკონომიკური დანაშაულის რამდენიმე სახეობა, მაგალითად ქურდობა, ასევე ძალიან გავრცელებული დანაშაულია, გარდა ოჯახური ძალადობებისა, მაგალითად 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ან მაგალითად თაღლითობის გარკვეული შემთხვევები, რომლებიც გვაქვს - ეს საკმაოდ გავრცელებული დანაშაულებებია და ამდენად მოსაზრება, რომ ეს არის ამნისტია, რომელიც შეიცავს მხოლოდ “მკვდარ მუხლებს” არასწორია. ახლა რაც შეეხება ისეთ მუხლებს, რომლებიც არც თუ ისე ხშირია, ამას არ ჰქვია “მკვდარი მუხლი”, სინამდვილეში ეს არის მუხლები, რომლითაც მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა არის მცირე”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის იარსებებდა რისკი იმისა, რომ ამ კანონპროექტის უკან ვინმეს შეთქმულების თეორიები ეძებნა.

“ეს არ არის საკითხი რის გამოც თავის მართლება უნდა გვიწევდეს. თუ ვთანხმდებით, რომ ეს არის ჰუმანური აქტი და ეს არის სწორი გადაწვეტილება, ვისაუბროთ დროსთან დაკავშირებით, სწორად იყო თუ არა შერჩეული დრო. ეს რომ გაკეთებულიყო არჩევნების წინ აუცილებლად მოყვებოდა ამას ვერსიების და ჰიპოთეზების დასახელება, რომ წინასაარჩევნოდ გაკეთდა ამნისტია, იმის გამო, რომ ამას მოეხდინა ამომრჩეველზე გავლენა, ეს რომ გაკეთებულიყო მომდევნო პერიოდში გაისადაც არჩევნებია და ეს იქნებოდა დაუსრულებელი. ამიტომ ამ რისკს, რომ შეიძლებოდა ვინმე გამოსულიყო და შეთქმულების თეორიები ეძებნა ამის უკან და ქვეტექსტები, ყოველთვის იარსებებდა, ამიტომ მაშინ ჩვენ უნდა შეგვეკავებინა თავი ეს უნდა გადაგვეგდო უკიდეგანოდ. ამ რისკის გათვალისწინებით, რომ ვიღაცას შეთქმულების თეორია შეიძლება გასჩენოდა, მიუხედავად ამ დაშვების, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც არის სწორი და რომელიც ათასზე მეტ მოქალაქეს მისცემს შანს ცხოვრებაში, რომ დაადგეს სწორ გზას”, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მიზანი პოლიტიკური კრიზისის განეიტრალება არ ყოფილა.

“პირდაპირ ვამბობ, არავითარი მიზანი არ მქონია, რომ პოლიტიკური სიტუაციის ან გამანეიტრალებელი ან რაიმე სასიგნალო მესიჯის შემცველი ყოფილიყო ეს ამნისტია. ეს არის ამნისტია და შესაბამისად, ამის იქით ქვეტექსტების ძიება არ ივარგებს”, - აღნიშნა სარჯველაძემ.