ჩვენ, სხვებთან ერთად, ნამდვილად გვინდა, რომ პარლამენტი შედგეს და ჩვენც ვიყოთ იქ. მაგრამ მხოლოდ ჩვენ და თუ ეს პარლამენტი არ იქნება, ტყუილად ექნებათ ჩვენი იმედი, - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. „გირჩის“ წევრის თქმით, იმისთვის რომ პარლამენტში შედგეს, საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ყოფნა საჭიროა.
„ჩვენი მთავარი პირობა ის არის, რომ ეს პარლამენტი იყოს, პირველ რიგში და პარლამენტი რომ იყოს, იქ „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ საჭიროა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა. ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი.
გელა მიქაძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ ახალი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა დააანონსეს.