2020 წელს კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პანდემიამ მსოფლიო „დააპაუზა“. თუმცა, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ აქტიურად და მეტად საინტერესოდ განვითარდა. იყო არჩევნები; ოპოზიციის ბოიკოტი; არჩევნებამდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მოლაპარაკებები; არჩევნების შემდეგაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპკორპუსის ჩართულობით მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი 2020 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას for.ge-თან აჯამებს. რა გამოწვევის წინაშე დგას ქართული პოლიტიკა, რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ თემებზე ანალიტიკოსი საუბრობს.
რამდენადაც კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო გააჩერა, საქართველოსთვის 2020 წელი პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული წელი იყო. თქვენ როგორ შეაჯამებდით ამ წელს პოლიტიკის მხრივ?
- 2020 წელი პოლიტიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი წარმატებული წელი იყო, 8 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. კონკრეტულად რას ვგულისხმობ - წელს, ისე როგორც არასდროს, საქართველო თავის ძირითად დასავლურ პარტნიორებს მიუახლოვდა - ეს იქნება ევროკავშირის ეგიდით მოქმედი ორგანიზაციები თუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი. ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი სარეკომენდაციო თუ საკონსულტაციო თემა ჩვენს უშუალო დასავლურ პარტნიორებთან უშუალო კონტაქტში განხილვას გადიოდა. არც ერთი ნაბიჯი პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე არ გადაგვიდგამს. ეს იყო 8 მარტის შეთანხმება, რომლის შემდგომ ფაქტობრივად ევროკავშირის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა დაფუძნდა. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები შევიდა და 2020 წლის ჩატარებული არჩევნები, რომელიც დასავლური პარტნიორების მხრიდან იქნა მოწონებული, როგორც კონკურენტუნარიანი გარემო, როგორც თავისუფლების მაქსიმალურად დაცვის თვალსაზრისით.
2020 წლის არჩევნები დასავლური პარტნიორების მხრიდან კი იყო მოწონებული, მაგრამ პანდემიის ფონზე ოპოზიციამ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და საპროტესტო აქციები გამართა...
- როდესაც პოლიტიკურ თვალსაზრისით წარმატებულობაზე ვსაუბრობ, მე მინდა, რომ ამ საკითხსაც ცოტა სხვა კუთხითაც შევხედოთ. წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ქართული საზოგადოება ხელისუფლებისგან პერიოდულად ითხოვდა ე.წ. ლუსტრაციის შესახებ კანონის შემოღებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებას სცოდნოდა ხელისუფლებაში, საჯარო სექტორში ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად რუსეთის ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკას ემსახურებიან. წელს, ყოველგვარი მსგავსი კანონის მიღების გარეშე, პოლიტიკურმა ვითარებამ გამოავლინა იმ ძალების კონკრეტული წარმომადგენლები, რომლებმაც, ნებსით თუ უნებლიეთ, არა პროდასავლურ, არამედ რუსული ნეოიმპერიალისტური ხაზის გამტარებლად წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ამ ურთულეს სიტუაციაში, რასაც მსოფლიო პანდემიური ვითარება ჰქვია და საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად წარმატებულად უმკლავდება, ჩვენმა ოპოზიციურმა ძალებმა იმის ნაცვლად, რომ ეს ვითარება მსოფლიო მასშტაბის ომის ერთ-ერთ სახეობად აღიქვან, რადგან ამ ომის წინა ხაზზე გვიწევს ყოველდღიური გამკლავება, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჯანდაცვის თვალსაზრისით და ხელისუფლებას გვერდით დაუდგნენ, ამ ვირუსის გამავრცელებლად თავად წარმოაჩინეს საკუთარი თავი. რეკომენდაციების მიუხედავად, ავრცელებდნენ ამ ვირუსს იმით, რომ პერიოდულად მართავდნენ ხან 600-კაციან პარტიულ ღრეობებს, ხან მრავალათასიან მიტინგებს, რომლის შემდგომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მწვავდებოდა. ამის გამო, ქართული ჯანდაცვის სექტორი დამატებით ახალი გამოწვევის წინაშე დგებოდა - ეს ერთი.
მეორე - მიმდინარეობდა მიზანმიმართული ჩვენი დასავლური პარტნიორების შეურაცხყოფა და მათი დადანაშაულება საშინელ და მძიმე სისხლის სამართლის თვალსაზრისით, როგორიც არის მაგალითად კორუფცია. პირდაპირ იყო დადანაშაულებული აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი კორუფციაში და რაღაც ტყვეებით ვაჭრობაში. ეს უდიდესი დარტყმა იყო ჩვენი პარტნიორების წარმომადგენლებთან მიმართებაში, რომლებმაც ყველა მიმდინარე საქმე გადადეს და უკვე მერამდენე თვეა ცდილობენ პოლიტიკური სპექტრის ფასილიტაციით თავისი გამოცდილება გაუზიარონ, დაპირისპირებული მხარეები დააწყნარონ და ეს სიტუაცია სახელმწიფოებრივი აზროვნების საერთო ნიშნულამდე მიიყვანონ. იმის ნაცვლად, რომ ეს დააფასონ, ელემენტარულად, მადლობა მაინც გადაუხადონ, ბოლო პერიოდში ვხედავდით ელჩების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელიც ახასიათებს რუსული ნეოიმპერალისტური პლატფორმის წარმომადგენლებს. სხვას კი არაფერს აკეთებენ მოსკოვში - დღე და ღამე დასავლეთს აგინებენ. იგივე გზას დაადგა სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის რადიკალური ფრთა. ამიტომ ვთვლი, რომ ამ კუთხითაც დადებითი წელი იყო. ყველამ გამოაჩინა საკუთარი თავი - იმ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, რომლებსაც კიდევ შერჩათ რაღაც სახელმწიფოებრივი აზროვნება, პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და საზოგადოების უდიდესი ნაწილის წინაშე. გამოჩნდნენ ისინიც, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგო პლატფორმაზე დადგნენ.
პოლიტიკურ ცხოვრებას კი ვაჯამებთ, მაგრამ მომავალ წელსაც არჩევნები იქნება. ელჩებს, რომლებსაც ფასილიტატორის როლი აქვთ შეთავსებული, ხომ არ მობეზრდებათ ამ როლის შესრულება და ხომ არ გვეტყვიან, რომ თავად მოაგვარეთ შიდა პოლიტიკური ვითარებაო?
- ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ, აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ოპოზიციის მისამართით ის წითელი ხაზი გაავლო, რასთან მიმართებაშიც ის მზად არის მომდევნო ნებისმიერი რაუნდის თანამონაწილე გახდეს, ნებისმიერ საკითხზე დაელაპარაკოს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ოღონდ ერთის გარდა - საუბარი ვადამდელ თუ ახალ არჩევნებზე იმის ხარჯზე, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად იქნას ცნობილი, აღარ იქნება. ქალბატონმა ელჩმა მკაფიოდ თქვა, ნებისმერ თემაზე, ეს იქნება დემოკრატიული რეფორმების კიდევ უფრო განვითარება, ეს იქნება არსებული საარჩევნო სისტემის დახვეწა და ა.შ. ჩვენ ფასილიტატორებს კარი ღია აქვთ - მობრძანდით, რაც ვიცით გასწავლით, აზრთა სხვადასხვაობას გამოვავლენთ და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციებს დავაახლოვებთო, მაგრამ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი დასრულდა. ამიტომ, ეს თემაც ჩვენს მეგობარ ელჩებს მართლაც რომ მობეზრდათ. ამ თემაზე დაბრუნებას ისინი არ აპირებენ, სხვა ნებისმერ თემაზე მათი კარი ღიაა.
2020 წელს „ქართული ოცნებასა“ და ოპოზიციაში თქვენ რა მინუსები და პლუსები დაინახეთ?
- დავიწყოთ ხელისუფლებით. ხელისუფლების პლუსი ცალსახად იყო წლის დასაწყისი, როდესაც ნებისმიერ ქართველს მსოფლიო პანდემიის კოშმარის ფონზე, ჩვენი სახელისუფლებო ძალისხმევა, ექიმების თავდადება, რომლებიც დღესაც აგრძელებენ საგმირო საქმეებს, ეამაყებოდა. წლის მეორე ნახევარი ისე ჩავატარეთ, რომ სანიმუშო ქვეყანა გავხდით მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი მიღწევებით მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა ამაყობდა. შემდეგ ჩვენში ქართული მენტალობა ჩაერთო, მოვეშვით, „დავიკიდეთ“ რეგულაციები და რაც მოგვივიდა, ჩვენი თავით მოგვივიდა. ამის მიუხედავად ჯანდაცვის სისტემა არ ჩამოშლილა. მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში რაღაც ხარვეზები გამოვლინდა, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც კი გაამახვილა ყურადღება. მაგრამ, მთლიანობაში ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სიტუაცია არ ჩამოშლილა. კატასტროფული მდგომარეობა დაინფიცირებულთა თუ გარდაცვლილთა კუთხით საქართველოში დღემდე არ დაფიქსირებულა.
ვის შეიძლება დააბრალო ეს, ოპოზიციის ძალისხმევით მოხდა ეს ყველაფერი?! არა, რა თქმა უნდა. ეს იყო ხელისუფლების ტიტანური შრომის შედეგად. ამ თვალსაზრისით მეამაყება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ თავი გავართვით. ეს არის ძირითადი პლუსი, რომელიც შეიძლება „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას მივაწერო.
მეორე - ჩვენ ჩავატარეთ ურთულეს მდგომარეობაში არჩევნები. მოდი, ასე ვთქვათ, 2013 წელს მშვიდობიანი პერიოდი იყო და პრეზიდენტად ავირჩიეთ გიორგი მარგველაშვილი. იმ მშვიდობიან პერიოდში, ამომრჩეველთა აქტივობა 47% იყო. საარჩევნო ყუთებამდე ხალხის ნახევარზე მეტიც კი ვერ მივიყვანეთ. წელს, როდესაც საფრთხე იყო და ამომრჩეველს რაც შეეძლო მაქსიმუმი გამოავლინა თავისი აქტივობით, ეს დასაფასებელია. პლუს ამას, ეუთო, აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია და უამრავი სხვა ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ არჩევნები შედგა.
ამის ფონზე გადავდივარ მინუსებზე. ყველაზე დიდი მინუსი ჩემთვის იყო ის, რომ ოპოზიცია არ დადგა ხელისუფლების გვერდით. საკუთარი ამომრჩევლის გვერდით არ დადგა. მათ ამომრჩეველს რომ ნდომებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის ხმის მიცემა, ყველა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას. აი, ამ პარტიებს, როგორიც არის ელისაშვილის პარტია, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“ , ამომრჩეველმა მისცა ხმა და ამ პარტიებმა საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს. ეს არის ძალიან დიდი მინუსი. ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ ბრძოლის ველს მიატოვებ და ერთი-ერთზე დატოვებ ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ამ სიტუაციებში ეს ღალატია. სიტუაცია დასტაბილურდეს და შემდეგ გადადი პოლიტიკურ პაექრობაზე. კორონასთან ბრძოლაში ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული. ამ დროს გამოდის რა, ამომრჩევლის მიერ არჩეულმა ახალმა ძალებმა, საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, უღალატეს სახელმწიფოს და ერთი-ერთზე დატოვეს ხელისუფლება უამრავ გამოწვევასთან იმის იმედად, რომ სიტუაცია ჩამოიშლება, ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება და საგაზაფხულო, მშვიდობიან რევოლუციისთვის ემზადებიან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს არის ყველაზე დიდი მინუსი, რომელიც ოპოზიციაში დავინახე.
საერთო ჯამში პოლიტიკური აქტივობებით კმაყოფილი ხართ?
- ჩვენი ძირითადი პარტნიორები ეუთო და აშშ ასე ახლოს ჩვენთან ჯერ არ ყოფილა. მეგობრის ფასი გაჭირვებაში გამოჩნდება. დღეს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს გაუჭირდა, მაგრამ, ამ გაჭირვების დროს აშშ შეგვპირდა, რომ 2021 წლისთვის „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში საქართველოს აქამდე არნახულ საინვესტიციო პაკეტს შესთავაზებს. ეს რას ნიშნავს? - ეს ნიშნავს ეკონომიკის გამოცოცხლებას, ეს ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდება. მეორე - დეკემბრის დასაწყისში ჩატარებულ ნატოს სამიტზე საქართველოს წინსვლა უპირობოდ იქნა აღიარებული. ესეც მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები კმაყოფილები არიან იმით, თუ როგორ ვუმკლავდებით შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ეკონომიკურ კრიზისსაც და პანდემიასთან ბრძოლასაც. ამიტომ ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ 2021 წელს შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედ არ იყოს, მაგრამ სტაბილურ ვითარებას შევინარჩუნებთ.