„პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის... რამდენიმე დეპუტატს ვიხილავთ პარლამენტში“

„პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის... რამდენიმე დეპუტატს ვიხილავთ პარლამენტში“

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები საკმაოდ აქტიურ და საინტერესო ფაზაში შედის. ვხედავთ, როგორც გარკვეულ დაპირისპირებას ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის, ასევე ამა თუ იმ პარტიდან გასვლის პროცესს. ამის ფონზე, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციაში განხეთქილება დაიწყო და შესაძლოა, ცალკეულმა პარტიებმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღონ.

გარკვეულწილად, ამაზე მიანიშნა პარლამენტის თავმჯდომარემაც: არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მალე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის მიღებას დაიწყებს. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრების შინაარსი იცის, ასევე გარკვეულია, ვის რა პოზიცია უჭირავს საკანონდებლო ორგანოში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით და იცის ოპოზიციონერი ლიდერების პათოსიც. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე „სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის“.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ყოფილიყო ცხრა პოლიტიკური პარტია. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ემუშავათ და ერთად მიეღოთ გადაწყვეტილებები. გარწმუნებთ, რომ უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. ვიცი, რომ ზოგიერთს, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ეს ძალიან ეწყინება, მაგრამ საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს, პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამას ემატება მოძრაობა „მოქალაქეებისთვის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები. იგი მწვავედ უპირისპირდება „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს. თუმცა, ოპოზიცია ამას ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს, რადგან „მსგავსი კონფლიქტი ხშირია“. ანალიტიკოსთა წრეებში კი ამბობენ, რომ ოპოზიციაში დაყოფის პროცესი მიდის და ეს შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში ცალკეული პოლიტიკოსების შესვლის საწინდარიც გახდეს.

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არჩილ თალაკვაძე მხარეთა შორის მოლაპარაკებებში ჩართულია, შესაბამისად, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია, თუ როგორი შეიძლება დასრულდეს ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკება.

„არ ვიცი თალაკვაძე რის საფუძველზე ამბობს ამას, მაგრამ ვიცი, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი, თუ სურვილი ექნება, ეს მოლაპარაკება წარმატებით დაასრულოს. თუ თალაკვაძე ასეთ განცხადებას აკეთებს, დიდი ალბათობით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის რა პირობებზეა მზად, დათანხმდეს ამ მოლაპარაკებას და შეთანხმებაც საბოლოო ჯამში, წარმატებული იყოს. ეს განცხადება, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან გაჟღერდა, მომასწავებელია, რომ შეთანხმება შესაძლოა შედგეს“, - თქვა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება გაიმართოს მორიგი რაუნდი, „გირჩელმა“ დასძინა: „შემდეგი რაუნდის გამართვის თარიღი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ამაზე მოთხოვნა, მათ შორის როგორ იქნება ოპოზიცია ჩამოყალიბებული. როგორც ვიცი, იანვარში უნდა გაიმართოს, თუმცა, შესაძლოა უფრო ადრეც ჩატარდეს. ვისურვებდი, რომ ამ კვირაში გაიმართოს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ცალკეული პარტიების ლიდერები შესაძლოა, ვიხილოთ პარლამენტში, თუმცა, თვლის, რომ ეს არაფერს შეცვლის.

„ამ ეტაპზე რთულია ეს მოხდეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, თუმცა, ეს არ მომხდარა. ეს უბრალოდ განცხადებაა, თითქოს მუშაობენ. სურთ შექმნან იმის წინაპირობა, რომ ოპოზიცია შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. შესაძლოა, 2-3 ადამიანი შევიდეს, მათ შორის ალეკო ელისაშვილი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გარდატეხას შეიტანენ ქართულ პოლიტიკაში, რადგან, იმისთვის, რომ პარლამენტმა განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილება, ან მოახდინოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში შესაძლოა ვიხილოთ, როგორც პატარა პარტიების ლიდერები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგნლებიც. მისივე თქმით, პროცესი სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში დაიწყება.

„ბატონი თალაკვაძე ფლობს უფრო მეტ შიდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა პოზიცია და განწყობა აქვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, რადგან ის არის მოლაპარაკებების მონაწილე. როგორც ჩანს, იმ ინფორმაციის საფუძელზე აკეთებს საჯარო განცხადებებს. ის არ გააკეთებდა ისეთ განცხადებას, რის შემდეგაც შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.

რამდენიმე ადამიანი, რომელმაც პროპორციული არჩევნების შედეგად მიიღო მანდატი, შევლენ პარლამენტში. ისინი შეიძლება არ იყვნენ პირველი ათეულის წარმომადგენლები, არამედ სიის ქვემოთა ნაწილში მყოფი პირები იყვნენ, რომლებსაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ რადიკალური მიდგომა პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით. მაგალითად ცნობილ ლიდერებს: ბოკერიას, უგულავას, მელიას ან „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებს, ან თუნდაც ხაზარაძე-ჯაფარიძეს და ა.შ. რამდენიმე ადამიანს ჩვენ ვიხილავთ პარლამენტში. შეიძლება ამ წელიწადს არა, მაგრამ სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში პროცესი ალბათ დაიწყება.

იმ დეპუტატებმა, რომლებიც სიის ქვედა ნაწილში არიან, არ ვიცით დაწერეს თუ არა განცხადება მანდატების გამოწვევაზე. არიან დეპუტატები, რომლებმაც სერიოზული თანხები დახარჯეს საარჩევნო კამპანიებში. ასეთი ადამიანები არიან „ნაცმოძრაობაშიც“. ასე რომ, რამდენიმე დეპუტატს ვიხილავთ პარლამენტში“, - განაცხადა ზაალ ანჯარიძემ.