„ახალი შტამი უფრო ახალგაზრდებში ვრცელდება და მათში სისხლის შედედებას იწვევს“

„ახალი შტამი უფრო ახალგაზრდებში ვრცელდება და მათში სისხლის შედედებას იწვევს“

ქართველი ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, for.ge-თან საუბრისას ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს

კოვიდ 19-ის ახალ შტამთან დაკავშირებით. ირაკლი კვეკვესკირის თქმით, ვირუსის ახალი შტამი განსაკუთრებით სწრაფად ახალგაზრდებში ვრცელდება. რაც შეეხება მის სირთულეს, ის ორგანიზმში სისხლის შედედებას იწვევს. ამიტომ ირაკლი კვეკვესკირი ქართველ კოლეგებს ურჩევს, დიდი ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდებს. მისივე თქმით, ახალი შტამი კლინიკურად დადასტურებიდან მეორე-მესამე დღეს გადამდებია.

რუსეთი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოში წამყვან პოზიციაზეა. ამ მხრივ დღესდღეობით რა მდგომარეობაა?

- დღესდღეობით მდგომარეობა სტაბილურადაა. დაავადებულთა რიცხვი კი მატულობს, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის რიცხვი მცირდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მცირდება. ეს სავარაუდოდ იმის შედეგია, რომ კოვიდის მართვა საკმაოდ ნორმალურად მიმდინარეობს. ის პერიოდი, რომელსაც ოქროს პერიოდი ჰქვია, როდესაც ეპიდემიამ ცოტა იკლო, მაშინ რუსეთის ჯანდაცვამ ეს პერიოდი კარგად გამოიყენა და ექიმების გადამზადება მოხდა. პირველადმა ჯანდაცვის სისტემამ კარგად იმუშავა. ახლა, მსუბუქი პაციენტების მკურნალობა სახლის პირობებში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ვითარებას ვუძლებთ. გაზაფხულზე, პირველი ტალღის პერიოდში კატასტროფული მდგომარეობა იყო. პირველი და მეორე ტალღის შედარებაც კი არ შეიძლება.

დღესასწაულები ახლოვდება და ვირუსის გავრცელება ამ პერიოდში იმატებს. ამ მხრივ რუსეთში რაიმე შეზღუდვები თუ არის დაწესებული?

- სხვათა შორის არანაირი დამატებითი შეზღუდვები არ გვაქვს. რაც იყო აქამდე შეზღუდვები ისევ ისეა: კაფე-რესტორნები 23:00 საათამდე მუშაობენ, სავაჭრო ცენტრებიც არ დახურულა. ჩვეულებრივ, საახალწლო განწყობა იგრძნობა. ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვები არ შემოუღია.

რუსეთში კოვიდის ახალი შტამი თუ გავრცელდა და მის დასაცავად რა ზომებია მიღებული?

- კოვიდის ახალი შტამი დაფიქსირებული არის. სიმართლე გითხრათ, ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა. თუმცა, ახალი შტამის საწინააღმდეგოდ გვამზადებენ. სამწუხაროდ, ძირითადად, ახალი შტამი ახალგაზრდებში ვრცელდება. საკმაოდ სწრაფად გავრცელებადია. უფრო მეტი მიმღებლობით ხასიათდება, ვიდრე ძველი შტამი. რაც შეეხება, მის მიერ გამოწვეულ შემდგომ გართულებებს, სავარაუდოდ, ეს უფრო მოგვიანებით იქნება ცნობილი. ამიტომ დაწვრილებით მასზე ცნობები არ მაქვს, რადგან ახლა მიდის ექიმების გადამზადება.

გადამზადება რა კუთხით მიმდინარეობს და რით განსხვავდება მკურნალობა კოვიდის ძველი შტამისგან?

- გადაგვამზადეს მკურნალობასთან დაკავშირებით, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს მკურნალობის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით. თუ კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდებს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, რადგან იოლად გადაჰქონდათ, ახლა უფრო ყურდღებას ვაქცევთ. ახალი შტამის დროს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სისხლის შედედების სისტემას, რადგან ახალგაზრდების სისხლში ცვლილებებს იწვევს. მკურნალობის დროს სწორედ სისხლის შედედებას ვაქცევთ ყურადღებას. მკუნალობის მხრივ და ასევე ახალი შტამთან დაკავშირებით, სხვა მხრივ რა სიახლეებიც იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ.

ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსის ძველი შტამი კლინიკური გამოვლენიდან გადამდები მე-3- მე-5 დღეს ხდება. ამ შემთხვევაში კოვიდის ახალი შტამის გამოვლენიდან ის გადამდები რამდენ ხანშია?

- სხვათა შორის ამის მონაცემები არის. ახალი შტამი კლინიკურად დადატურებიდან მეორე-მესამე დღეს გადამდებია. აქედან გამომდინარე, დადგინდა, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

რუსეთში ვაქცინაცია უკვე დაიწყო და რამდენად ეფექტურია?

- რუსეთში ვაქცინაცია თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოგეხსენებათ რუსეთში ადგილობრივ ვაქცინას „სპუტნიკს“ იყენებენ. ეს არის დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა. მეორეა ერნ-ზე დამზადებული ვაქცინა, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა. დნმ-ზე დამზადებული ვაქცინა უჯრედის შიგნით აღწევს, რასაც ვერ ვიტყვით ერნ-ზე დამზადებულ ვაქცინაზე. რაც შეეხება ვაქცინაციის შედეგს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. თუმცა, არის შემთხვევები, რომ ვაქცინაციის შედეგად აღმოჩნდა ანტისხეულები, ანუ ეს მიუთითებს იმას, რომ იმუნიტეტი ჩამოყალიბდა.

საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც მინდა გკითხოთ. უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმების ნაწილი მკურნალობის მეთოდებს აკრიტიკებდნენ. თქვენი გადმოსახედიდან რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს კოვიდთან ბრძოლა?

- საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს კოლეგებთან ხშირი კონტაქტი მაქვს. არამარტო კოლეგებთან, ასევე პაციენტებთან, რომელებიც მწერენ და დანიშნულებებს მიგდებენ. სხვათა შორის, კორონავირუსის წინააღმდეგ ძალიან ეფექტური მუშაობა მიდის. პირველი გეტყვით იმას, რომ შემოღებული „ლოქდაუნი“ საჭირო იყო, ცოტა ადრეც კი იყოს ეს გასაკეთებელი. ერთადერთი, რაც საქართველოში არ მომწონდა და ვაკრიტიკებდი, იყო პირველადი ჯანდაცვა. პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჩამოშლილი იყო. ექიმები კი მაქსიმალურს აკეთებდნენ, მაგრამ ჯანდაცის სისტემა იყო მოუმზადებელი. ექიმები უნდა გადაემზადებინათ. მაგალთად, რუსეთში ყველა დარგის ექიმი გადაამზადეს, მათ შორის ფსიქიატრებიც კი. შორიდან ჩვენ ვაკრიტიკოთ მედიცინის მუშაკები, ეს არასწორად მიმაჩნია.

კონკრეტულად პირველად ჯანდაცვაში რა პრობლემები დაინახეთ?

- პირველად ჯანდაცვაში შედეგი პრობლემები იყო - კოვიდთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ არასაკმარისი კადრები იყო, პაციენტებს ოჯახის ექიმთან ხელი არ მიუწვდებოდათ, არ მიუწვდებოდათ ხელი ასევე სასწრაფოებთან. ამის შესახებ პაციენტებისგან ვგებულობდი. ისინი მწერდნენ, სასწრაფო არ მოსულა და რა ვქნათ, ირაკლი ექიმოო. ანუ, პირველადი ჯანდაცვასთან მიუწვდომლობის პრობლემა იდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოშიც დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი. დღეს ვიმყოფებით „ლოქდაუნის“ რეჟიმში, მაგრამ რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს იგი, ვინაიდან ახალი ვირუსი სწრაფად ვრცელდება? ასევე, რა რჩევებს მისცემდით თქვენს კოლეგებს მის მკურნალობასთან დაკავშირებით?

- კი ბატონო, „ლოქდაუნი“ მის საწინააღმდეგოდ ბრძოლისთვის ერთ-ერთი კარგი მეთოდია. მედიკოსებს ვურჩევდი სისხლის შედედება აკონტროლონ. ასევე, ახალგაზრდა პაციენტებს მიაქციონ ყურადღება. არავითარ შემთხვევაში არ გაატარონ, რომ ახალგაზრდა პაციენტია და კორონავირუსს იოლად გადაიტანს, იმიტომ რომ ახალი შტამი სწორედ ახალგაზრდებში ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, რომ ახალგაზრდების მიმართ იყვნენ ძალიან ყურადღებიანები. პაციენტებს კი ვთხოვდი, რომ ემოციებს არ აყვნენ. მესმის, რომ ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ „ლოქდაუნია“ გამარჯვებული. ყველას ვთხოვ, რომ ჰიგიენური წესები დაიცვან, რადგან 50%-ით მაინც შეამცირებს ახალი შტამის გავრცელებას.

თქვენზეც მინდა გკითხოთ, ცნობილი ფაქტია, რომ პაციენტისგან დაინფიცირდით. რამდენად რთულად გადაიტანეთ ვირუსი?

- თვითმფრინავში პაციენტი ცუდად გახდა, მაშინ ცნობილი არ იყო, პაციენტს კოვიდი ჰქონდა თუ არა. ხელოვნური სუნთქვის ჩატარება მომიწია. თვითმფრინავი როგორც კი დაეშვა, პაციენტი გადაყვანილი იქნა კლინიკაში. მეორე დღეს, ჩემს მორიგეობაზე შეტყობინება მომივიდა, რომ სასწრაფოს კოვიდინფიცირებული შემოჰყავდა. ეს იყო ის პაციენტი, რომელსაც მე ხელოვნური სუნთქვა გავუკეთე. მაშინვე მივხვდი, რომ კოვიდი „აკიდებული“ მქონდა. ტესტითაც დამიდასტურდა. სხვათა შორის მსუბუქად გადავიტანე. პნევმონია არ მქონია. მარტო ყნოსვა და გემო დავკარგე, რომელიც 20 დღეში კი აღმიდგა, მაგრამ დღემდე გარკვეული პროდუქტების მიმართ არასასურველი შეგრძნება მაქვს.

ვირუსი ორგანიზმიდან რამდენ ხანში გამოდის და ადამიანი სრულყოფილად რამდენ ხანში გამოჯანმრთელდება?

- ვირუსის რეპლიკაცია 7-10 დღის განმავლობაში ხდება და ამ პერიოდში ის ორგანიზმში აღარ არის, მაგრამ ვირუსის მიერ დატოვებულ შედეგებს ვებრძვით. ვირუსის მიერ დატოვებული ტემპერატურა შეიძლება თვენახევარი გაგრძელდეს. ასევე სუნისა და გემოს აღდგენა 3 დღიდან 6 თვემდე გრძელდება. ზოგადი სისუსტე რჩება. ასევე, ეს ვირუსი ორგანიზმში იწვევს D ვიტამინის შემცირებას, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. კოვიდის გადატანის შემდეგ, აუცილებელია განისაზღვროს ორგანიზმში D ვიტამინი. იცის ასევე კუნთების ტკივილი, რომელიც შეიძლება ორ თვემდეც კი გაგრძელდეს.

ლაზი ამდენ თავში ავარდნილებში, საქართველოს გარეთ მცხოვრები, ერთი ნორმალური ექიმიც ყოფილა. თანაც "ცხოვრობს და მუშაობს". აი სხვები უბრალოდ კი არ მუშაობენ, არამედ "მოღვაწეობენ".
3 წლის უკან