„ვფიქრობ, ჩვენც და მთელი მსოფლიოც ზედმეტ ტვირთს ვკიდებთ კორონავირუსს“

„ვფიქრობ, ჩვენც და მთელი მსოფლიოც ზედმეტ ტვირთს ვკიდებთ კორონავირუსს“

გარდაცვალების ბევრი შემთხვევა შეიძლება არც იყოს უშუალოდ კოვიდის ბრალი. უამრავი შემთხვევა იყო მსოფლიოშიც და საქართველოშიც, როდესაც კონკრეტულად ამ ვირუსს, ან ნებისმიერ სხვა ვირუსს, ან ბაქტერიებს შეეძლოთ გამოეწვიათ გამოუვალი მდგომარეობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია.

ჯანდაცვის სფეროს ცალკეული წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს. თქვენ თუ გაქვთ დაეჭვების საფუძველი?

- მოსახლეობის რა პროცენტიც იტესტება, იქიდან გამომდინარე, შეიძლება ამ გათვლების გაკეთება, დაახლოებით რამდენი შემთხვევა შეიძლება იყოს, როგორი გავრცელების არე შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, არ არსებობს ინფორმაცია და ცოტა რთულია იმის თქმა, რამდენია დაღუპული, რადგან მონაცემებს ყოველთვის აცხადებენ იმათ შესახებ, ვინც გაიტესტა. ხოლო, ვინც არ გაიტესტა, ძალიან რთულია თქმა, რასთან გვაქვს საქმე, ზოგს აქვს ეს ვირუსი, ზოგს არა, ზოგს შეიძლება ჰქონდა და აღარ აქვს. მთავარია, გაიტესტოს ის ხალხი, ვინც რისკის ჯგუფის ქვეშაა. გარდაცვლილებთან დაკავშირებით მე უფრო სხვანაირად მგონია, რომ ჩვენ და მთელი მსოფლიო ზედმეტ ტვირთს ვკიდებთ კოვიდს. არადა, გარდაცვალების ბევრი შემთხვევა შეიძლება არც იყოს უშუალოდ კოვიდის ბრალი.

ანუ ჩვეულებრივი გრიპით შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი და კორონას მიეწეროს?

- უამრავი შემთხვევა იყო ასეთი მსოფლიოშიც და საქართველოშიც, როდესაც ამ ვირუსს შეეძლო ტრიგერის, გამშვების როლი ეთამაშა და კონკრეტულად ამ ვირუსს, ან ნებისმიერ სხვა ვირუსს, ან ბაქტერიებს გამოეწვია გამოუვალი მდგომარეობა. ასე რომ, არის შემთხვევები, როდესაც ნებისმიერი ცვლილება, ნებისმიერი დისბალანსისკენ ბიძგი გამოიწვევს პრობლემას. ამიტომ მთლიანად ყველაფრის კორონაზე გადაბრალება არ შეიძლება. სიკვდილიანობის მაჩვენებელთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არაფერი არ არის დამალული. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელს, ორჯერ მეტია, თუ სამჯერ მეტი, სინამდვილეში, არავინ არ იცის. თუმცა არსებობს გამოთვლის საშუალებები.

უკვე ითქვა, რომ თბილისის მოსახლეობის 9%-ს კორონა გადატანილი აქვს. სინამდვილეში, უფრო მეტს შეიძლება ჰქონდეს ეს ვირუსი გადატანილი?

- ესეც ძალიან რთული სათქმელია, მაშინ საკმაოდ დიდი პოპულაცია უნდა იყოს გატესტილი. უფრო სწორად, გატესტილი უნდა იყოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი რაოდენობა, რომ კვლევა სარწმუნოდ ჩაითვალოს. ცხადია, 2-ჯერ თუ 3-ჯერ მეტია ინფიცირებულები, ვიდრე დატესტვის შედეგია.

ეპიდემიოლოგებს შორის აზრი იყოფა 24 დეკემბერს შეზღუდვების შერბილებასთან დაკავშირებით. კულუმბეგოვი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ შეიძლება დღეში 6 ათასზე ავიდეს მონაცემები, თუკი გაიხსნება ყველაფერი, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეკონომიკისთვის თავისი ხარკი უნდა გაიღოს სახელმწიფომ.

- მესმის ეკონომიკის, მესმის გასაჭირის, მესმის ყველაფრის, მაგრამ უახლოესმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ შავ პარასკევს რა აქტივობაც ჰქონდა მოსახლეობას, ის დაუშვებელია. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 24 დეკემბრის შემდეგ ზუსტად ისევე არ მოიქცევა მოსახლეობის უმეტესობა და ამდენი ხნის განმავლობაში მაღაზიებსა და საჩუქრებს მონატრებული ხალხი არ მიაწყდება მაღაზიებს. თუ იგივე განმეორდა, რა თქმა უნდა, ცუდი სურათი გვექნება. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენი თვითშეგნება იმ სიმაღლეზე არ არის, როგორც დასავლეთში, სიფრთხილეა საჭირო. დასავლეთში ეს კულტურა არის და დისტანციას ისედაც იცავენ ერთმანეთისგან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, ძნელი იქნებოდა ახლა შეზღუდვების მოხსნა, მით უმეტეს, საახალწლოდ, როცა ასე აჟიტირებულია ხალხი. მე თავს შევიკავებდი.

აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გაზაფხულის შემდეგ გამოვლენ ადამიანები გარეთ, თუკი თებერვალში ყველაფერი გეგმით წარიმართა და ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2000-ს ქვემოთ ჩამოსცდა. ეს ნიშნავს, რომ გაზაფხულამდე შეიძლება ჩაგვკეტონ და არა თებერვლამდე?

- მუდმივად ვამბობ ხოლმე, რომ ბევრი რამ ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ, კაცობრიობამ პანდემიის საწინააღმდეგოდ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, ვიდრე დისტანცირება, ჩაკეტვები და პირბადეა. არავის არ უხარია ამის გაკეთება და ყველას ესმის, ამის შედეგები რა იქნება. თუმცა ბევრი რამ ამ ვირუსის შესახებ კიდევ არ ვიცით.

ასეთი ვერსიაც გაჩნდა, რომ შესაძლოა, მტვრის ნაწილაკებითაც ვრცელდებოდეს ეს ვირუსი.

- დიახ, ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, არ უნდა შეშინდეს მოსახლეობა, რადგან აქ შეიძლება სხვა პრობლემები გაჩნდეს, ვგულისხმობ ფსიქოემოციურ პრობლემებს, რომელიც ისედაც ამ ჩაკეტვის და თვითიზოლაციის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდეს. გაზაფხულამდე შესაძლოა არ იყოს სასურველი, გაწელონ ეს დრო, ვისურვებდი, უფრო ადრე დასრულდეს თვითიზოლაცია. როგორც ვნახეთ, ამ მიტინგებმა და შოპინგებმა თავისი შედეგი გამოიღო. ამიტომ რაღაც პერიოდი მოგვიწევს ამ თარიღის გაწელვა ჩვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ.

ვაქცინის შესახებ უკვე დაკონკრეტდა, რომ Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, მაგრამ შემოვა Astrazeneca-ს ვაქცინა. ზოგადად, ცნობილია, რომ კორონას საწინააღმდეგო ვაქცინები სხვადასხვა ტიპის გართულებას იწვევს, მათ შორის, ბელის სინდრომის განვითარებას. როგორია თქვენი აზრი ვაქცინის უალტერნატივობასთან დაკავშირებით?

- ძალიან რთული კითხვაა, ყველას გაუჭირდება ამაზე პასუხი, ეს არის ძალდატანებითი, იძულებითი მდგომარეობა, ყველამ იცის, როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის დატესტვა, მისი ვარგისიანობის შემოწმება, ამას რამდენიმე წელი სჭირდება, გასაგებია, ამ სიტუაციამ აიძულა მსოფლიო, იჩქაროს, სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებას და სწრაფად გამოშვებულ პრეპარატს კი თავისი ხარვეზი აქვს და ამ ვაქცინასაც რომ ხარვეზები ჰქონდეს, არ არის გასაკვირი.

საზოგადოებრივ იმუნიტეტს ამ ვაქცინის გარეშე ვერ გამოვიმუშავებთ?

- ძნელი სათქმელია, რადგან ბევრი რამ ამ ვირუსის შესახებ არ ვიცით.

როგორ ფიქრობთ, ამ სახიფათო მაჩვენებლების მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ხანძარი მინელდა და ახლა ხანძრის ჩაქრობის დროა, როგორც ინფექციონისტები გვამშვიდებენ?

- არ მაქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე. მე რომ ამაზე გიპასუხოთ, უნდა ვიცოდე, დღეში რამდენი ადამიანი გაიტესტა, ან საქართველოს გატესტილ მოსახლეობას შორის კოვიდდადებითი რამდენია, სრული სურათი მე არ მაქვს.