„10 წელი იმუშავა კომისიამ და უცებ, ჩიჩხიტურის კოშკში და უდაბნოს ქვაბულებში გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები...“

„10 წელი იმუშავა კომისიამ და უცებ, ჩიჩხიტურის კოშკში და უდაბნოს ქვაბულებში გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები...“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას, როგორც „კარტოგრაფების საქმე“, რაც მიუთითებს, რომ მათი მცდელობაა დავითგარეჯის საქმეში საკუთარი დანაშაული დაფარონ. თავდაცვის მინისტრი დავითგარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა. სწორედ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.

„კონკრეტული პიროვნებების პასუხისგებაში მიცემის საკითხს წყვეტს პროკურატურა და სასამართლო. ეს არაა ჩემი პრეროგატივა. მე საკითხის ირგვლივ გამოძიებას მივეცი ინფორმაცია და მოგეხსენებათ ჩემი წერილის საფუძველზე დაიწყო გამოძიება იმიტომ, რომ რეალურად ჩემი ხელმძღვანელობით შეგროვდა მასალები, რომელიც მე მივაწოდე პროკურატურას.

საქმე ეხებოდა ძალიან მძიმე ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულს. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, რომ ეს საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას როგორც კარტოგრაფების საქმე. ეს მიუთითებს იმას, რომ მათი მცდელობაა, საკუთარი დანაშაული დაფარონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავითგარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970–80–იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებით.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან, რადგან არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. საუკუნის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ საგამოძიებო უწყებაში გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა, გამოძიება დასკვნით ეტაპზე გადადგის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებების ეტაპზე გადადის.

ილიჩოვასა და მელაშვილის ბედს გაიზიარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო პოლიციის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვერც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვერ ისაუბრებს იმაზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად, ვის დაკავებას უნდა ველოდოთ. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით ეჭვები და კითხვები არსებობს, ამიტომ გამოძიებას ევალება, ყველა დეტალი გაარკვიოს.

„არ მაქვს პასუხი, ვის დაკავებას უნდა ველოდოთ. სხვათა შორის, არც ამ და არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე. ასეთი პასუხის გაცემის არათუ ლეგიტიმური, მორალური უფლებაც კი არ მაქვს, ჰიპოთეტურად რაღაცები წარმოდგენაშიც რომ მქონდეს. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვები, კითხვები. ფაქტია, რომ საქართველოს ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი ტერიტორიების და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, კონკრეტული გადაწყვეტილების, რბილად რომ ვთქვათ, პროექტი გამზადებული იყო.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გამოძიებას ევალება, ყველა დეტალი გაარკვიოს და აღმოაჩინოს ყველა ის ობიექტური გარემოება, რის გამოც ჩვენთვის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები შეიძლება გამოსულიყო საბოლოოდ. დანარჩენი, უკვე გამოძიების საქმეა და ამაზე ვერც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი კონკრეტულ მინიშნებას ვერ მოგცემთ. რაც შეეხება იმას, რომ თავდაცვის მინისტრმა დავალება მისცა პროკურატურას, ეს არის ტყუილი, რომელიც უდავოა, რომ ვიღაცის ინტერპრეტაციის ნაყოფია“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებში მაღალი დონის ჩართულობა იქნებოდა, თუმცა, ვინ და როგორ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიების პრეროგატივაა, დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით ზუსტად იდენტური განცხადებები, რაც გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ჩვენ გამოვრიცხავთ იმას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღებოდა დაბალ დონეზე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მაღალი დონის ჩართულობა იქნებოდა, თუმცა, ვინ და როგორ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოძიების გარეშე ვინმესთვის ბრალდების წაყენება გაგვიჭირდება, ეს გამოძიების საქმეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, „კარტოგრაფების საქმე“ ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი, სამარცხვინოა, რადგან პოლიტიკასთან შეხებაში არმყოფი, ორი უდანაშაულო ადამიანი შესწირეს საქმეს. ბოკერია ისევ ამტკიცებს, რომ ეს საქმე საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისთვის გაკეთდა.

„სამარცხვინო ამბავია! მთლიანად „კარტოგრაფების საქმე“, ივანიშვილის რეჟიმის უმდაბლესი და სამარცხვინო სტანდარტებითაც კი, გამორჩეულად სამარცხვინოა, რადგან ორი ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი საქმეზე, სადაც ფორმალურად დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

თვითონ ფაქტი არ არსებობს, რაზეც პროპაგანდას აწარმოებენ, საქართველო და აზერბაიჯანი ვერ შეთანხმდნენ დავით–გარეჯის იმ მონაკვეთზე, სადაც დავა არის წლებია საზღვარზე სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ჰქონდა მყარი პოზიცია და სამწუხაროდ, აზერბაიჯანს დღემდე არ აქვს შეცვლილი ეს პოზიცია იმ მონაკვეთთან დაკავშირებით. ამიტომ, ამ ხალხს აბრალებენ იმას, რაც არ მომხდარა. ყველამ იცის, რომ ეს საარჩევნო კამპანიაში და ზოგადად, ოპონენტების დემონიზებისათვის გაკეთდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რას ემსახურება ოპოზიციის შიში და რატომ ცდილობენ ღალატის საქმიდან გამოძერწონ ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“, ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ბუნებრივია, აქვთ შიში იმისა, რომ დაკავებულებმა შესაძლოა, ხელი დაადონ მათ ზემდგომებს, ვისი ინსტრუქციითაც ისინი მოქმედებდნენ.

„ბუნებრივია, იდიოტს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ზემდგომების ინსტრუქციების გარეშე მოქმედებდნენ, ეს ხომ წარმოუდგენელია. შესაბამისად, მათ რომ თქვან – ვინ, როგორ და რას ავალებდა, გასაგები ხდება, რომ იმ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. შემდგომ უკვე მათი ზემდგომები იტყვიან, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და უკვე გასაგებია, რომ სააკაშვილი და მთელი მისი რეჟიმი ჩართული იყო ამ დანაშაულში.

ბუნებრივია, რომ ისინი აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ, ეს შტურმი და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა და ამ საქმისთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭება, ანუ პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭება და საგამოძიებო მოქმედების მიკერძოებულად წარმოჩენა მათთვის აუცილებელია. აქამდე ხომ ასე იყო.

ჩვენთან ხომ ნებისმიერ დამნაშავეს, გარეწარს, ზონდერს, კორუფციონერს შეუძლია თავი გამოაცხადოს პოლიტდევნილად, გაიჩინოს გავლენიანი მფარველები დასავლეთში, რომლებიც გააკეთებენ განცხადებას, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და თურმე პოლიტიკური დევნის ობიექტი ყოფილა ადამიანი, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა და აღიარა. ჩვენ ხომ დავინახეთ როგორ გაანთავისუფლეს „პოლიტპატიმარი“ უგულავა და ოქრუაშვილი, შემდეგ გიორგი რურუას განთავისუფლებას ითხოვდნენ, ისიც პოლიტპატიმარიაო. იგივე სცენარით მოქმედებენ ახლაც. ამიტომ, ეს არ არის გასაკვირი და გასაგებია, რომ დანაშაულის დამალვას ცდილობენ“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

მისი თქმით, გაურკვეველია რატომ ეძახიან დაკავებულებს კარტოგრაფებს, როცა სინამდვილეში არც ერთი არ არის კარტოგრაფი. როგორც მანჯავიძე ამბობს, ცალკე გამოძიების საკითხი უნდა გახდეს, მელაშვილი, რომელიც არ იყო კარტოგრაფი, რატომ მუშაობდა კომისიაში როგორც კარტოგრაფი.

„დარწმუნებული ვარ დაკავებულებს იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ამიტომაც დუმდნენ. ვიცით რა წინა ხელისუფლების ქცევა, დაპირდებოდნენ, რომ ხელისუფლება შეიცვლება, მათ გამოუშვებდნენ და ამ საქმეს ჩაფარცხავდნენ, მაგრამ არ მოხდა ასე. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქვთ შიში იმისა, რომ დაკავებულები შეიძლება ალაპარაკდნენ გამოძიებასთან.

მეორე საკითხია, რომ ამ საქმის ასე მიჩუმათება არ შეიძლება. ისედაც ბევრი გახმაურებული საქმე არის მიჩუმათებული პოლიტიკური კონიუნქტურის, თუ ვიღაცეების განაწყენების შიშის გამო. ვიღაცას მფარველი გამოუჩნდა და ა.შ. მაგრამ დავითგარეჯი უნიკალური არის ამ მხრივ და განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელ კონტექსტში გახმაურდა არჩევნების წინ. აქედან გამომდინარე, ძალიან პრინციპული საკითხია. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. რაც შეიძლება მყარი უნდა იქნას არგუმენტები საზოგადოებისთვის, არ უნდა მიეცეთ ამ ადამიანებს იმის უფლება, რომ პოლიტიკური დევნის მოტივით ჩამოწერონ ეს საქმე.

თუნდაც გირაოთი, რომ გამოუშვან დაკავებულები, ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის, რომელიც საბოლოოდ ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებს. მათ ადგილას მე ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. ჯერ ერთი, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც იქნება ძალიან მძიმე. სამართლებრივი და ზნეობრიბი თვალსაზრისით ხომ საერთოდ ძალიან მძიმე შედეგის მომტანი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

სტრატეგიული კვლევების სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ არ იცის, გამოძიება მივა თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილამდე, მაგრამ განმარტავს, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, უმჯობესია თავი დავანებოთ სპეკულაციებს და ხელისუფლებას მოვთხოვოთ ყველა დამნაშავის დასჯა. როგორც არეშიძე ამბობს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები და ფაქტები ამ დავაში.

„ვგულისხმობ ორიათასიანი წლების პირველ ნახევარში ჩადენილ დანაშაულს. კომისიამ მუშაობა დაიწყო 1996 წელს. 2006 წელს გარკვეული პროცესი დაასრულა კომისიამ და ამ პროცესის შედეგების მიხედვით, უცებ ჩიჩხიტურის კოშკში და უდაბნოს ქვაბულებში გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ლოგიკა ხომ არის ამაში, 10 წელი იმუშავეს და უცებ გამოჩნდნენ მესაზღვრეები. პირველი განგაში 2007 წელს ატეხა საპატრიარქომ, ამას მოჰყვა პრეზიდენტი სააკაშვილის განმარტება, რომლის შინაარსი ასეთი იყო – მე მოველაპარაკე აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ტერიტორია აზერბაიჯანის არის, მაგრამ ძეგლი ჩვენია, აბსოლუტურად გაუგებარი განმარტება იყო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

 

არაგველი641 ქვეყნის ინტერესებისა და მიწების გამყიდველები - ყველა ციხეში: სააკაშვილიდან დაწყებული და მელაშვილ-ილიჩოვებით დამთავრებული!
3 წლის უკან