მსახიობმა გიორგი გურგულიამ საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო კლინიკის ეზოში დანით მამაკაცს კისერზე ჭრილობა მიაყენა.
როგორც ”ამბები.გე”-ს კლინიკის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა.
კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გიორგი გურგულია კლინიკაში ერთ-ერთი რესტორნიდან გადაიყვანა. ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჭიქის ნამტვრევზე ხელი ჰქონდა გაჭრილი.
როგორც სამედიცინო პერსონალი იხსენებს, გურგულია იმდენად იყო ნასვამი, რომ არაადეკვატურად იქცეოდა. მას ჭრილობა დაუმუშავეს და როდესაც ჯერი გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე მიდგა, გურგულიამ აგრესია არ დამალა.
"50 ლარი ჰქონდა გადასახდელი, მაგრამ 20 ლარი აღმოაჩნდა. ჩვენ შევთავაზეთ გადასახდელი თანხა 10 დღის განმავლობაში დაეფარა. გურგულია აგრესიული გახდა. ისიც კი შევთავაზეთ, ტაქსს გამოგიძახებთ და ისე გაგიშვებთ სახლში-თქო, მაგრამ უარი განაცხადა. შემდეგ ეზოში გამოვიყვანეთ", - აცხადებენ კლინიკის თანამშრომლები.
ეზოში კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს მანქანით ახლობელი ელოდებოდა. გურგულია სწორედ ამ მანქანში ჩაჯდა და საჭესთან მჯდომ მამაკაცს არტერიასთან დანა დაუსვა.
"მანქანაში მჯდომს სქელი სვიტერი ეცვა და ამან გადაარჩინა, ღრმა ჭრილობა
რომ არ მიიღო",-აცხადებს დაზარალებულის
ახლობელი.
ჩოჩქოლსა და ხმაურზე ეზოში დაცვის თანამშრომლები და მედპერსონალი გავიდა, რომლებმაც ინციდენტის განმუხტვა სცადეს.
"გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. მელე მოვიდა კრიმინალური პოლიციაც და ყველანი პოლიციის უახლოეს განყოფილებაში გადაგვიყვანეს დასაკითხად. მანამდე კი დაზარალებულს ჭრილობა დავუმუშავეთ", - აცხადებს დაზარალებულის ახლობელი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება პოლიციის განყოფილებაშიც გახდა საჭირო, ვინაიდან დაზარალებულ მამაკაცს გული შეუწუხდა.
სისხლის სამართლის საქმე 151-ე მუხლითაა აღძრული.