„ტელედაპატიმრებები კირკიტაძეს თუ არ ახსოვს, მე მახსოვს, ასეთ დოკუმენტს „ოცნებამ“ რომ მოაწეროს ხელი, ჩათვალეთ, ირიბად აღიარებს დანაშაულის ჩადენას“

„ტელედაპატიმრებები კირკიტაძეს თუ არ ახსოვს, მე მახსოვს, ასეთ დოკუმენტს „ოცნებამ“ რომ მოაწეროს ხელი, ჩათვალეთ, ირიბად აღიარებს დანაშაულის ჩადენას“

ნაციონალები ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ალაპარაკდნენ და 2003 წელი გაიხსენეს, როცა წარსულის გადახედვაზე თურმე უარი განაცხადეს და ეროვნული თანხმობის დოკუმენტი შეიმუშავეს. დავით კირკიტაძემ ამ კონტექსტში გურამ აბსანძის და სხვა ზვიადისტების შემორიგება შეგვახსენა.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ ესახებათ ჩვენს ექსპერტებს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის შემუშავება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების პირობებში.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე იხსენებს, რომ ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, რომელიც ვარდების რევოლუციის დროს შედგა, სულაც არ იყო „მოქკავშირთან“ ან „აღორძინებასთან“ ხელმოწერილი. იმ პერიოდში არსებობდა ორი დაჯგუფება, ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მათ შორის, გურამ აბსანძე, რომელსაც შემდგომში ეკავა სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი, თუმცა სამსახურში არც დადიოდა და იქ იყვნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგეები, რომლებიც გაერთიანდნენ.

რამდენად მოხდება „ქართულ ოცნებასთან“ ეროვნული თანხმობის დოკუმენტის ხელმოწერა, ნიკა ჩიტაძის აზრით, რთულია ამის თქმა. თორემ ძალიან კარგი იქნებოდა, ყველას მოეწერა ხელი და სიძულვილის ენით საუბარი დამთავრებულიყო. თუმცა აქ, ალბათ, საუბარია იმაზე, უშუალოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხდეს ეროვნული თანხმობა და სხვა პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ვთქვათ, „ნაცმოძრაობის“ და „ლეიბორისტების“ პოლიტიკური იდეოლოგიები ერთმანეთისგან განსხვავდება და აქ, ალბათ, საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ერთმანეთთან თანხმობა.

„ოპოზიციას უნდა თუ არა, ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები. დაახლოებით მილიონამდე ხმა „ოცნებამ“ მიიღო თუნდაც გაყალბებული არჩევნების მიუხედავად. სადღაც ამომრჩეველთა ხმების 41% ერგო მას. ვარდების რევოლუციის დროს, ფაქტობრივად, შევარდნაძეს არ ჰყავდა მომხრეები, მაშინ მართლაც მოხდა ერის კონსოლიდაცია და მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვა. დღეს კი „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ამიტომაც მთელი ერის კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თანაც, მხოლოდ ეროვნული თანხმობის დოკუმენტის ხელმოწერა არ არის საკმარისი, მთავარია, მისი პრაქტიკაში განხორციელება“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს აინტერესებს, რის საფუძველზე უნდა შედგეს ეროვნული თანხმობა? რის შესახებ ვთანხმდებით? განა ნაციონალებს ადამიანების წარსული არ გადაუხედავთ და მხოლოდ ეროვნული თანხმობით იყვნენ დაკავებულნი?

„ვისი წარსული არ გადაუხედავთ ნაციონალებს თავიანთი მმართველობის დროს? ტელედაპატიმრებები კირკიტაძეს თუ არ ახსოვს, მე მახსოვს. ასეთ დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ რომ მოაწეროს ხელი, ჩათვალეთ, ამით გამოვა, რომ „ოცნება“ ირიბად აღიარებს დანაშაულის ჩადენას და სასჯელისგან თავის არიდებას ითხოვს. თუკი ხელისუფლება ეროვნული თანხმობის დოკუმენტს ხელს მოაწერს, ეს ნიშნავს, თუ სხვა მოვა ხელისუფლებაში, მე აღარ დამიჭერსო, რადგან, თუ ამ დოკუმენტს ხელს აწერს, ე.ი. დამნაშავეა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი იხსენებს, რომ ეს უკვე იმდენჯერ გვაქვს 90-იანი წლებიდან მოყოლებული გავლილი, რომ არასერიოზულია ასეთი ინიციატივები.

„ველოსიპედს მეასედ რომ აღმოაჩენენ ხოლმე, არ მუშაობს ასეთი რაღაცები. ჩვენ გვჭირდება რეალური კონსენსუსი და რეალური დიალოგი და არა რაღაც დოკუმენტები და წყლის ნაყვა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბრისას.

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის დოკუმენტი.

„მე მგონი, ჩვენ 2003 წლიდან მოყოლებული გავიზარდეთ. ნებისმიერი შემრიგებლური ხასიათის დოკუმენტი მისასალმებელია, უბრალოდ, ეს შეიძლება იყოს სრულიად სხვა სახელწოდების. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დოკუმენტი ჩვენი ფასილიტატორების მაგიდასთან უნდა შედგეს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

გოგი ერთი შეკითხვა მაქვს საიტის ადმინისტრაციასთან: ეს ნიკა ჩიტაძე რისი ანალიტიკოსია, კაცი ნორმალურად ვერ აზროვნებს და ვერ მეტყველებს და ვინ მიაკერა ეს სტატუსი. თქვენ რატომ უთმობთ ამდენ დროს მას? მისი ლოგიკური აზრთა მსვლელობა მოგწონთ?
3 წლის უკან