„ყველა ადამიანი არ კვდება კორონავირუსით, სხვა დაავადებები ჯერ არავის გაუქრია დედამიწის ზურგიდან“

„ყველა ადამიანი არ კვდება კორონავირუსით, სხვა დაავადებები ჯერ არავის გაუქრია დედამიწის ზურგიდან“

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ორჯერ მეტია, ვიდრე ხელისუფლება აცხადებს. ეს ნიშნავს, რომ, თუკი ყოველდღიურად 40 ადამიანამდე იღუპება, რეალურად 80 ადამიანი შეიძლება იყოს კორონავირუსის მსხვერპლი, რასაც ოფიციალური სტატისტიკა გვერდს უვლის.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ნეიროინფექციების განყოფილების გამგე გია დეისაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კორონავირუსით ლეტალობის შემთხვევები ორჯერ მეტია. For.ge-სთან საუბრისას გია დეისაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით დაღუპულთა მაჩვენებელი იმიტომ არის მაღალი, რომ ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც გუშინ კი არ მოათავსეს კლინიკებში, არამედ მათი უდიდესი უმრავლესობა მოთავსდა 2-3 კვირის წინ, ერთი თვის წინ. ექიმების შრომის შედეგად ზოგიერთი მათგანი გადარჩა, ზოგი ვერ გადარჩა. როდესაც 400 და 500 კაცი წევს რეანიმაციაში და კიდევ 1000 უმძიმესი პაციენტი რიგშია, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაყვანილ იქნან მართვით სუნთქვაზე, ცხადია, გვექნება ასეთი ლეტალობა. ლეტალობა რომ არ იყოს, საჭიროა, ელემენტარულად პატივი ვცეთ ერთმანეთს და დავიცვათ წესები, რასაც ყოველდღიურად გვიჩიჩინებენ ტელევიზორში.

„იმ ტელეარხებმა, სადაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს კორონავირუსით ლეტალობის შემთხვევები ორჯერ მეტია, ალბათ, უნდა დაასახელონ თავიანთი წყაროები. იმ წყაროებით კი, რაც მე მაქვს და, რაც მე ვიცი, არ არის 80 და უფრო მეტი დაღუპული ყოველდღიურად. ეს სიცრუეა. თუ არადა, დამკრძალავ ბიუროში გაიკითხონ სტატისტიკა. ყველა ადამიანი არ კვდება კორონავირუსით, ზოგი კვდება სხვა დაავადებით, სხვა დაავადებები ჯერ არავის გაუქრია დედამიწის ზურგიდან“, - აღნიშნა გია დეისაძემ.

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ კორონას შემთხვევები ორჯერ და სამჯერ მეტია და ამის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბრიდან მოყოლებული აცხადებს, ანუ მას შემდეგ, რაც ათასებს ასცდა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. მისი თქმით, ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამაც დაადასტურა პირდაპირ ეთერში, როცა მათ თქვეს, რომ რეალურად 3-4 ათასი და 5 ათასი კი არა, არამედ 2-3-ჯერ მეტია გავრცელების შემთხვევები.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ აქაც ბევრი კითხვის ნიშანია, რამდენად აკურატულია, რამდენად სწორია ეს სტატისტიკა, რადგან აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესია.

„მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა არის გადარჩენის მაჩვენებელი, ან გარდაცვალების პროცენტი თუნდაც იმავე კრიტიკულ, სუნთქვის აპარატზე მიერთებულ პაციენტებში. როდესაც ამაზე პასუხს არ იძლევა ხელისუფლება, ეს კითხვებს აჩენს. გარდა ამისა, რეალურ სტატისტიკაში ხშირად ვერ ხვდებიან ის ადამიანები, ვინც ბინაზე იღუპება სამედიცინო დახმარების გარეშე და, შესაბამისად, ვერ შედის სტატისტიკაში. იქ, სადაც ვამბობთ, რომ ინფიცირების რიცხვი 2-3-ჯერ მეტია და ეს შემთხვევები არ ხვდება სტატისტიკაში, შესაბამისად, გარდაცვალების, ანუ ლეტალობის შემთხვევებიც ვერ მოხვდება იმ სტატისტიკაში. ამიტომ რეალურად ორივე მაჩვენებელი დიდია“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.