„ამხელა პაუზის შემდეგ, არ ვიცი, თეატრი ფეხზე როგორ უნდა დადგეს?!“

„ამხელა პაუზის შემდეგ, არ ვიცი, თეატრი ფეხზე როგორ უნდა დადგეს?!“

მსახიობები დღეს თავს ყველაზე მიტოვებულად თვლიან. ეს კი იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიამ, სწორედ ხელოვნების ეს წარმომადგენლები აზარალა.

მსახიობები პირველი „ლოქდაუნიდან“ მოყოლებული სცენისა და სპექტაკლების გარეშე დარჩნენ, რადგან ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კინო-თეატრები დაიხურა.

ამის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხზე მსახიობებს დღემდე საჯაროდ პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. მათი ნაწილი for.ge-თან საუბრისას აცხადებს,  პანდემიის პერიოდში მათ ხელისუფლებიდან არავინ შეხმიანებია.

რა ზარალი მიაყენა პანდემიამ მსახიობებს, ეხმარება თუ არა ხელისუფლება მათ, სააგენტოს ამ კითხვებზე მსახიობთა ნაწილი გვპასუხობს.

როგორც for.ge-სთან თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ნანა შონია აცხადებს, იმდენი ხანია სპექტაკლში აღარ უთამაშია, რომ ახლობლები „უსამძიმრებენ“ კიდეც.

„ჩვენმა სფერომ იმდენად მიიძინა, რომ ვინც კი მხვდება მისამძიმრებს. პანდემიის გამოცხადების დღიდან, თეატრები დაიხურა და იმ დღიდან მოყოლებული სახელმწიფოს მხრიდან არავინ დაგვკავშირებია. რა თქმა უნდა, ფინანსურადაც ვიზარალეთ. გადაღებები არაა, არც ჩაწერებია და ზარალია აბა რა არის?! იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო მიხვდება და რაღაცნაირად დაგვეხმარებიან. ფინანსური ზარალის გარდა, მორალური ზარალიც მივიღეთ - არ ვიცით, თეატრები როდის გაიხსნება, ხელისუფლება რას გადაწყვეტს, არ ვიცით. ხან მგონია, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება. თავში ათასი აზრი მიტრიალებს“, - განუცხადა ნანა შონიამ სააგენტოს.

მისივე თქმით, პირველი „ლოქდაუნიდან“ მოყოლებული დღემდე, კულტურის მინისტრთან შეხვედრა არ ყოფილა.

„არც მინისტრთან და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთან შეხვედრა არ გვქონია. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ყველამ მიგვატოვა. თუმცა, მეორე მხრივ ქვეყანაში ტრაგედია ხდება. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რა დროს ეს არის. გაორებული ვარ“, - განუცხადა for.ge-ს ნანა შონიამ.

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ნატა ბერეჟიანი for.ge -სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსახიობებისთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ისინი ხელისუფლებისგან მიტოვებულები არიან.

„ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ხელისუფლებიდან არავინ გვეხმიანება. ფინანსურ ზარალზე არ ვსაუბრობ, რადგან თეატრიდან შემოსავალი დიდი მაინც არ გვაქვს. საუბარი მაქვს, მორალურ თანადგომაზე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პროფესიული ზიანი მივიღეთ. მსახიობისთვის ამაზე ცუდი არაფერი არსებობს. დრო გადის და საბოლოო ჯამში ხელობას კარგავ.

შევადარებდი ჩვენს სპეციალობას სპორტს - სპორტსმენი თუ არ ავარჯიშე, ხომ ვეღარ იასპარეზებს, ასევ ართ ჩვენც. პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ ცოტა ხანი აღვადგინეთ რეპეტიციები და აბსოლუტურად ფორმიდან ამოვარდნილები ვიყავით. ყველაზე მეტად ამას განვიცდი. მესმის, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მენტალური ჯანმრთელობაც ხომ მნიშვნელოვანია. მენტალური ჯანმრთელობისთვის კი კულტურა აუცილებელია“, - გვითხრა ნატა ბერეჟანმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ საახალწლო კონცერტებში მუსიკისა და დრამის თეატრიდან მისი კოლეგები დააკავა, თუმცა, მას შემოთავაზება არ ჰქონია.

„შემოთავაზება არ მქონია, მაგრამ ჩემი თეატრიდან რამდენიმე მსახიობი დაკავებულია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი სასიხარულოა. თუმცა, კონცერტი თეატრს ვერ ჩაანაცვლებს. კონცერტი შემოქმედებით მუხტს არ გაძლევს“, - აღნიშნა for.ge-თან საუბრისას ნატა ბერეჟიანმა.

მსახიობის თქმით, ხელისუფლებისგან ერთჯერადი 300-ლარიანი ან 6-თვიანი 200 ლარიანი ფულადი დახმარება არ მიუღია, რადგან თეატრში შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდა.

„თეატრის მსახიობებზე ეს ფულადი დახმარებები არ არის, რადგან, ჯერჯერობით, თეატრიდან ხელფასს ვიღებთ. სახელწმიფო სტრუქტურა ვართ და შრომითი ანაზღაურება არ შეგვწყვეტია“, - გვითხრა ცნობილმა მსახიობმა.

პანდემიამ მსახიობ გოგა პიპინაშვილის საბავშვო სამსახიობო სტუდიის მუშაობა გააჩერა. როგორც ცნობილმა კინოსა და თეატრის მსახიობმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით სტუდიის იჯარის გადასახადს არ სთხოვენ, მაგრამ როდემდე არ გადაიხდის, ეს მისთვის უცნობია.

„პირადად მე, ხელისუფლებიდან არავინ შემხმიანებია და არც დახმარება მიმიღია. 30 წელია საბავშვო სტუდია მაქვს და პანდემიის გამო გაჩერდა. არა და იჯარაა გადასახდელი და მთელი ამბავია. ვის „ვეტაკო“ და ვის რა მოვთხოვო?!“, - განუცხადა გოგა პიპინაშვილმა for.ge-ს.

კითხვაზე იჯარის გადავადებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა თუ არა, ცნობილი მსახიობი ასე გვპასუხობს:

„იცით რა არის, ჯერჯერობით დირექცია აღნიშნულ საკითხზე არ გვაკითხავს. შეიძლება რაიმე დირექტივა არსებობს, არ ვიცი. რეალურად, იჯარა გადასახდელია. პირადად ჩვენთან ხელისუფლების მხრიდან არავის ჰქონია შეხვედრის მცდელობა და არც ჩვენ გვქონია“, - გვითხრა გოგა პიპინაშვილმა.

მსახიობისთვის ფინანსური დანაკარგის გარდა, რთული აღმოჩნდა სტუდიის გარეშე ყოფნა. როგორც მან for.ge-ს უთხრა, ახლა სტუდიის პატარა მსახიობებს სამსახიობო ოსტატობას ონლაინ ასწავლის.

„პანდემიამ მარტო თეატრს არ მიაყენა ზარალი, ყველა სასწავლო ცენტრს დაარტყა. ჩემს სასწავლო ცენტრს, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 120 ბავშვი სწავლობდა და ახლა ონლაინ 12 მოსწავლესთან მაქვს ურთიერთობა, რათა ნომინალურად სტუდია შევინარჩუნო. სხვა რა გითხრათ, არ ვიცი. ეს არ არის მხოლოდ თეატრი, ეს სასწავლო ცენტრია და არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა აღდგეს. პირადად ჩემი პროფესია ასეთია - ერთ დღეს 8 საათი რომ არ იმეცადინებ, მეორე დღეს ეს გემჩნევა. ამხელა პაუზის შემდეგ, არ ვიცი, თეატრი ფეხზე როგორ უნდა დადგეს?!“, - განუცხადა for.ge-ს კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა.

გოგა პიპინაშვილის მსგავსად სამსახიობო სტუდიის მუშაობა გააჩერა მსახიობმა, მაია დობორჯგინიძემ. როგორც მან სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო თეატრებმა მსახიობებს შრომითი ანაზღაურება არ შეუჩერა, მაგრამ კერძო თეატრებმა - კი.

„სამწუხაროდ, პირველი პანდემიიდან მოყოლებული, ხელისუფლების მხრიდან არავინ შეგვხმიანებია. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, არც ამ მხრივ გვქონია. სამსახურები აღარ გვაქვს. ერთი ეგ არის, რომ თეატრალური უნივერსიტეტიდან და სახელმწიფო თეატრებიდან მსახიობები ხელფასს ვიღებთ, მაგრამ კერძო თეატრიდან არანაირი შემოსავალი აღარ გვაქვს. ასევე მე და გოგას (გოგა ბარბაქაძე, მსახიობი და მაია დობორჯგინიძის მეუღლე) საბავშვო სტუდია გვქონდა და პანდემიის გამო მუშაობა შეწყვიტა. რა თქმა უნდა, ამან ფინანსებზეც იმოქმედა. ამიტომ, ჩვენი შემოსავალი ბევრად შემცირდა, თუმცა, მარტო ჩვენი არა, მგონი ყველასი შემცირდა. არ მეგულება მსახიობი, რომელიც მარტო ერთ სამსახურში მუშაობს, რადგან თეატრში ძალიან დაბალი ხელფასებია. ამიტომ, ერთდროულად ბევრ ადგილას გვიწევს მუშაობა. საბედნიეროდ, თეატრის ხელფასებს ვიღებთ, დანარჩენი შემოსავლის წყარო აღარ არის, მაგრამ, რა ვქნათ, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ. ეს დღეები ამ დევიზით გაგვაქვს“, - განუცხადა მსახიობმა სააგენტოს.

ასე რომ, უცნობია „ლოქდაუნის“ გაუქმების შემდეგ როდის გაიხსნება თეატრები, როდის დაუბრუნდებიან სცენას მსახიობები და როდის იხილავს მაყურებელი მონატრებულ სპექტაკლებს.