„ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გახსნის შემდეგ ბევრი ადამიანი მიაწყდება კონკრეტულ ობიექტს და ამის შიშით მაშინ საერთოდ ვერ გავხსნილვართ“

„ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გახსნის შემდეგ ბევრი ადამიანი მიაწყდება კონკრეტულ ობიექტს და ამის შიშით მაშინ საერთოდ ვერ გავხსნილვართ“

24 დეკემბერს შეზღუდვების შერბილების შემდეგ ზოგიერთი ეპიდემიოლოგი აპოკალიფსურ სურათს წარმოგვიდგენს. მათი აზრით, შეზღუდვების მოხსნა ახალი წლის შემდეგ უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე და ყოველდღიურად შეიძლება 6000-მდე ინფიცირებული გვყავდეს.

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების შერბილება შეთანხმებულია ბიზნესსექტორთან და ეპიდუსაფრთხოების წესების დაცვით უნდა გაიხსნას ეს სექტორი. იმიტომაც არსებობს უსაფრთხოების წესები და რეგულაციები, რომ ეს წესები დაცულ იქნას. ამდენად, თუკი ამ წესებს დავიცავთ, ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალური იქნება.

„რეალურად რომ ვიმსჯელოთ, 24 დეკემბერი იქნება, თუ 29 იანვარი, საბოლოო ჯამში, ხომ მაინც გაიხსნება ეს ყველაფერი? თვეობით და წლობით ხომ არ იქნება დაკეტილი? ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გახსნის შემდეგ ბევრი ადამიანი მიაწყდება კონკრეტულ ობიექტს. ამის შიშით მაშინ საერთოდ ვერ გავხსნილვართ იმიტომ, რომ როდის იქნება ვაქცინა და როდის შემოვა საქართველოში, კაცმა არ იცის. რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინა საეჭვო არაა, საეჭვოა, როდის შემოვა საქართველოში, თორემ ვაქცინაცია უკვე დაიწყო ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში და შედეგებს მალე ვნახავთ. დადასტურებულ, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ შედეგების ანალიზს წლები სჭირდება ახალი ვაქცინის პირობებში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ადრეულ შედეგებს უკვე ვნახავთ მანამ, სანამ ჩვენთანაც შემოვა ეს ვაქცინა, რადგან უახლოესი 5-6 თვე არ მოველი, რომ ჩვენთან ეს ვაქცინა შემოვა. ძალიან დიდი ლოჯისტიკური ჯაჭვია ასაწყობი და ჯერ მოლაპარაკებებიც არ არის გამართული, რა ტიპის ვაქცინას მოგვაწვდიან, ან რომელი ქვეყნიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სერგო ჩიხლაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ, თუკი 24 დეკემბერს შეზღუდვები მოიხსნება წესებისა და რეგულაციების დაცვით, ეს შედარებით უსაფრთხო იქნება და მინიმალური იქნება ინფექციის გავრცელების რისკი. მანამდე კი ეს შეზღუდვები ზამბარასავით მოჭიმულ ეფექტს ქმნის და, ნებისმიერი გახსნის შემთხვევაში, 24 დეკემბერს, თუ 1-ელ თებერვალს, ყოველთვის შეიძლება გაიქცეს ხელიდან სიტუაცია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ დოზირებული უნდა იყოს შეზღუდვების მოხსნა, დროში გადავადებული და არა-ერთიანი.

„ცხადია, ვემხრობი 24-ში შეზღუდვების შერბილებას. დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, ქალაქი იკეტება 9 საათზე და ქალაქში საგიჟეთია - გადავსებული გზები, ავტომაგისტრალები, საცობები და ა.შ. ეს რომ იყოს გონივრულად გაკეთებული, 9 საათზე არ იწყებოდეს და პირობითად 11-ზე იწყებოდეს კომენდანტის საათი, რაღაც რეგულაციებით ევლო საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასე გადავსებული ქუჩები და გადავსებული მანქანები არ იქნებოდა. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად გადავანაწილებთ რისკებს გონივრულად და არა ის, რომ ერთბაშად, ერთ ადგილზე მოვუყაროთ ყველა რისკს თავი“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ნეოროინფექციების განყოფილების გამგე გია დეისაძე მიიჩნევს, რომ 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად უნდა შემსუბუქდეს და ძირითადი შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს. ინფექციონისტის აზრით, ზუსტად დაწესებულებული შეზღუდვების გამოა, რომ ამდენით შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში, ეს შეზღუდვები მანამდე უნდა დარჩეს ძალაში, სანამ ახალი წლის, შობისა და ძველით ახალი წლის პერიოდი არ ჩაივლის. ახალი წლის შემდეგ კი გამოჩნდება, კონკრეტულად რა სახის შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება. მთავარია, საზოგადოებამ შეიგნოს, რომ ატაროს ნიღაბი, დაიცვას დისტანცია და მაქსიმალურად შეზღუდოს შეკრებები. ეს არის გადარჩენა. თუ ამას არ გაითვალისწინებენ, გინდა ჩაკეტონ, გინდა გააღონ ყველაფერი.

ტრანსპორტის აღდგენას რაც შეეხება, რაც მოსახლეობის შეჭირვებული ფენისთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, გია დეისაძე ფიქრობს, რომ ტრანსპორტი ისე უნდა აღდგეს, რომ ინფიცირების მატება არ გამოიწვიოს.

„ჩვენს ტრანსპორტში ვერ შეხვალ, იმდენი ხალხია. რომელ დისტანციის დაცვაზეა საუბარი. თუ ასეთი ფორმით უნდა აღდგეს ტრანსპორტი, მაშინ აჯობებს, არ აღდგეს. მე, როგორც ექიმი, ასე ვფიქრობ, თორემ ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი, ალბათ, სხვაგვარად იფიქრებდა. შეუძლებელი იქნება მერე ამ ადამიანების მკურნალობა. ფულის შოვნა სჯობს, თუ ადამიანის სიცოცხლე? მიმაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლე სჯობს, რომელიც მილიონზე ძვირი ღირს. მოგეხსენებათ, რა ამბავი იყო ე.წ. შავ პარასკევს. ახლაც ყველას უნდა ახალი წლისთვის რაღაცის შეძენა, მე არ მჯერა, რომ ეს ადამიანები იმავეს არ გააკეთებენ, რაც შავ პარასკევს მოხდა. თუკი წესებს დაიცავენ, კი ბატონო, მაგრამ ვინმეს სჯერა ამის? ვერ დავიჯერებ, რომ ეს ადამიანები ორ კვირაში ისე გამოსწორდნენ, რომ უსაფრთხოების წესებს დაიცავენ“, - აღნიშნა გია დეისაძემ for. ge-სთან საუბრისას.

ლაზი ძალიან აგრესიული ვინმეა ეს ჩიხლაძე. კარგიც რომ თქვას, ასეთი ინტონაციით, ეფექტი მაინც უარყოფითია.
თქმითაც მოიკოჭლებს ლოგიკაში. "ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გახსნის შემდეგ ბევრი ადამიანი მიაწყდება კონკრეტულ ობიექტს"-ო. ეგრე არ არის.
წინა საახალწლოდ, რამდენიმე დღით, გახსნა და მაგ. თებერვალში საერთოდ გახსნა ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. თებერვალში არავინ მიაწყდება მაღაზიებს, რადგან ეცოდინებათ, რომ ხვალ არ დაიკეტება. მაისში რომ გაიხსნა სამთვიანი დაკეტვის შემდეგ მაშინ იყო რიგები? არ იყო. ეს მანაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ ხალხის გრძნობებით უანდა ისარგებლოს.
გახსნიან? ინფიცირება მოიმატებს. მერე იმას კი არ იტყვიან, ვინმემ წესები არ დაიცვაო, არამედ ვერ მართავენო.
მაგას უკმაყოფილო ხალხი სჭირდება საგაზაფხულოდ. არგახსნა გაზაფხულამდე ყველას დაავიწყდება. გახსნით გავრცელებული ინფექცია კი პრობლემებს გაამწვავებს. მაგასაც ეგ უნდა.
3 წლის უკან