1-ელ ნოემბერს, ღამის სამ საათზე, როცა ცესკო აქვეყნებდა არჩევნების შედეგებს, ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკოში მივარდა და სკანდალი მოაწყო. დღემდე ვერავინ ხვდება რატო მივარდა... მიზეზი იყო ის რომ შეექმნათ აღქმა, რომ არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
„როცა 4 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გამოქვეყნდა, იქ ჩაიწერა, რომ დაგვიანებულმა გამოცხადებამ შექმნა პირველი შთაბეჭდილება, რომ რაღაც არასწორად მიდიოდა. შემდეგ ვნახეთ, რომ ყველაფერი დროზე გამოქვეყნდა. ეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ შეექმნათ აღქმა, გამოეწვიათ ამბოხი და ასე მოსულიყვნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემებითაც „ქართული ოცნება“ იყო უმრავლესობაში. „როგორც ჩანს ესაა ერთად-ერთი სცენარი, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენი ოპონენტების ნაწილი უბრუნდება ხოლმე. სცენარი რომელიც გულისხმობს ხელისუფლების არალეგიტიმურ ცვლას, არა არჩევნებით, არამედ ამბოხით, რევოლუციას რომ უწოდებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გაუგებარია, როდესაც აცხადებენ, რომ მოxდა თუ არა გაყალბება, ხელახალი არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს. „ოპოზიციამ იძალადა ხალხის წარმოდგენებზე, შექმნა ყალბი ფაქტები და ნარატივი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.