„უკვე ეკონომიკურ კრიზისში ვართ“ - კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა დაწესებულ შეზღუდვებს?

„უკვე ეკონომიკურ კრიზისში ვართ“ - კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა დაწესებულ შეზღუდვებს?

ქვეყანაში რეგულაციების კიდევ ერთხელ ამოქმედებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გართულდა და აკრძალვების გაგრძელების ფონზე, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. მეტიც, ბიზნესის გაჩერებისა და ხალხის სახლში კიდევ ერთხელ „გამოკეტვის“ შედეგად, „სოციალურ აფეთქებას“ მივიღებთ, რისი აღდგენა და განახლება საკმაოდ რთული იქნება.

გვახსოვს, მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობდნენ, რომ აკრძალვების კიდევ ერთხელ ამოქმედება სერიოზული ზიანის მომტანი იქნებოდა ქვეყნის ეკონიმიკისთვის და ამას ვეღარ გავუძლებდით.

დადგა მორიგი რეგულაციების ამოქმედების დროც, - წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად ვნახეთ, კიდევ ერთხელ გაჩერებული ეკონომიკა, ტურიზმი, ბიზნესი. დღეს კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყანა „სოციალურ აფეთქებასთან“ ძალიან ახლოსაა და მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას რთული, თითქმის დანგრეული, ეკონომიკური მდგომარეობა შეცვლის. რეგულაციების ამოქმედების შედეგად, ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩა. თუკი სახელმწიფო ხელს არ შეუწყობს სახლში დარჩენილ ხალხს, გაღარებიდან გაღატაკებამდე მივალთ.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას მთავრობის დახმარება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან დამძიმდება, რაც „სოციალურ აფეთქებასთან“ კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს.

„ეკონომიკური ფონი მძიმეა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოს სხვა ძლიერ ქვეყნებში. თუმცა, ჩვენთან უფრო რთული მდგომარეობაა, რადგან დიდი მასა სიღარიბის ზღვარს იქით არის და ვინც არ არის, ისინიც სამსახურის გარეშე დარჩა. ამიტომ, ცხადია, რომ ეს ართულებს სიტუაციას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებლობების ფარგლებში, მთავრობაც რაიმე საშუალებებს გამოყოფს, მათ შორის საგარეო ვალდებულებების გაზრდის ხარჯზე, რომ კრიზისული სიტუაცია არ შეიქმნას და „სოციალური აფეთქებაც“ გამოირიცხოს, რადგან ვიცით, ეს რას ნიშნავს და რა სიტუაცია იქნება - ეს ყველაფერი ქვეყანას ათეული წლებით უკან გადასწევს.

ჩვენ კრიტიკული სიტუაცია გვექნება კიდევ დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ზომით. ამ პერიოდში ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ გავურთულოთ ცხოვრება. იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება, ეს ძალიან ცუდი იქნება, რომ ასეთ გზას იძულებით დავადგეთ.

რა თქმა უნდა, ყველა შეზღუდვის გაგრძელება, მდგომარეობას გაართულებს. ბუნებრივია, შეზღუდვები ეკონომიკის აქტივობის მასშტაბებს ამცირებს და შესაძლოა ამან გამოიწვევს სიტუაციის დამძიმება“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ For.ge-სთან.

ეკონიმიკის დორქტორი ირაკლი მაკალათია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი უკვე დაიწყო, თუმცა, ამ ყველაფერს რამდენ ხანს გავუძლებთ, ამაზე საუბარი რთულია. მისივე თქმით, ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები სინამდვილეს ვერ ასახავს, რადგან ბევრია თვითდასაქმებული, რაც პრაქტიკულად აღრიცხული არ არის და რეალურად, ქვეყანაში კიდევ უფრო რთული ვითარება გვაქვს, ვიდრე ჩანს.

„უკვე ეკონომიკურ კრიზისში ვართ. პირველი „ლოკდაუნის“ შემდეგ ყოველთვის იყო საუბარი, რომ მეორეს ჩვენ ვერ გავუძლებდით. ცხადია, ამას წერტილოვანი შეზღუდვები ჰქვია, თუმცა, ეკონომიკურად იგივე ეფექტი აქვს, იგივე შეზღუდვებია დაწესებული. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება.

პირველი „ლოკდაუნიდან“ რომ მივყვეთ და დღემდე შევაფასოთ, ასეთი სურათი გვაქვს: რამდენად ეფექტიანი იყო პირველი „ლოკდაუნი“ - პირველი „ლოკდაუნის“ შედეგად მეორე კვარტალში ორნიშნა ეკონომიკური კლება გვქონდა. ეს იყო დაკვირვებადი ეკონომიკური შედეგები. ეს სტატისტიკა, რაც ქვეყნდება, აღებულია იმ სექტორიდან, სადაც დაკვირვება შეიძლება. ამავე დროს გვაქვს არადაკვირვებადი ეკონომიკა, სადაც ყველაზე მეტია თვითდასაქმებული და რომელთა შემოსავლებიც ოფიციალურად არ ჩანს.

აქამდეც მძიმე სოციალური მდგომარეობა იყო და პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა.

თუ ყველანი გამოვიკეტებით და არავინ არ გავალთ, იქნება დაბალი მაჩვენებელი. ეს სადამდე უნდა გაგრძელდეს? - უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ამიტომ ამ ეკონომიკას სადღაც სჭირდება გახსნა. ეკონომიკა აქამდეც არ გვქონდა განვითარებული, მაგრამ სტაბილურ პირობებში, სამთვიანმა შეზღუდვებმა პირველივე „ლოკდაუნზე“ მოგვცა ის შედეგები, რაც გვაქვს. ორნიშნა კლება შეინიშნება, ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა და ა.შ.

ახლა კიდევ, როდესაც ეს პერიოდი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გაგრძელდა, ორთვიანი შეზღუდვის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება, ვიდრე იმ სამთვიან პერიოდში გვქონდა. იმ სამთვიანმა პერიოდმა როგორ დაგვაზარალა, ახლა ეს ორთვიანი პერიოდი კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ეკონომიკას.

მომდევნო პერიოდში ბიზნესი რამდენად დადგება ფეხზე, რამდენი გაკოტრებული კომპანია გვეყოლება, ამის თქმა ძალიან ძნელია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს მივიღებთ, რაც შესაძლოა რიგ შემთხვევაში სტატისტიკურად არ იყოს ასახული, თუმცა, რეალობა ასეთი გვექნება“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ For.ge-სთან.