„ექვსეულის პლატფორმა არასერიოზულია, ერდოღანს რომ ასე უნდა, ეს არაფერს ნიშნავს, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციაში არ გადაწყდება, როგორი კურსი ექნება ამ რეგიონისადმი“

„ექვსეულის პლატფორმა არასერიოზულია, ერდოღანს რომ ასე უნდა, ეს არაფერს ნიშნავს, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციაში არ გადაწყდება, როგორი კურსი ექნება ამ რეგიონისადმი“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით გამოდის, რაც, მისი აზრით, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ამის შესახებ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრისას ბაქოში ვიზიტის დროს ისაუბრა, სადაც ყარაბაღის ომის შედეგების აღმნიშვნელ საზეიმო აღლუმზე იმყოფებოდა.

„დღეს ჩემს ძმასთან (ალიევთან) ერთად განვიხილე ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნა, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთიც. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ერდოღანმა.

რას ნიშნავს „ექვსეულის პლატფორმაში“ საქართველოს შეყვანის მცდელობა ოკუპანტ რუსეთთან ერთად?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ერდოღანმა ჩვენთვის საშიში ფორმულა წამოაყენა და ჩვენ ვართ საკმაოდ სერიოზულ ხაფანგში. ერდოღანის ინიციატივა, შექმნილიყო ექვსეული 3+3-ის მოდელით, ცუდი მაგალითია, რადგან ეს ნიშნავს კავკასიის 3 ლოკალურ სახელმწიფოს და 3 რეგიონალურ ჰეგემონს.

For.ge- სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია შენიშნავს, რომ სომხეთს უფრო უწევენ ანგარიშს, ვიდრე საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი დამარცხდა ომში. ერდოღანმა ასეთი ფორმულირება წამოაყენა, სომხეთს თუ უნდაო, საქართველო კი პირდაპირ ჩართეს ამ პლატფორმაში ისე, რომ ჩვენ არც არაფერს გვეკითხებიან, გვინდა თუ არა აქ გაერთიანება.

„ირანი, რუსეთი და თურქეთი - ეს სამი რეგიონული ჰეგემონი იქნება, ამერიკა და ევროკავშირი საერთოდ ამოგდებულია ამ პლატფორმიდან. ანუ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები საერთოდ წარმოდგენილნი არ არიან. ვინ დაიცავს საქართველოს ინტერესებს - ავტორიტარული თურქეთი, თეოკრატიული ირანი, თუ ჩვენი მტერი რუსეთი? ეს არის საინტერესო. ამას ჰქვია სწორედ გეოპოლიტიკური ხაფანგი. ჩვენი საერთაშორისო სტატუსი უკვე დაწეულია. ჩვენ გაგვიბედეს და ჩვენი თანხმობის გარეშე შეგვათრიეს ექვსეულის პლატფორმაში, ამ ე.წ. უსაფრთხოების სისტემაში, მით უმეტეს, ავტორიტარული რეჟიმის ლიდერმა ერდოღანმა. თანაც რუსეთის ხახაში მოგვაქციეს. მანამდე ირანისა და თურქეთის ხელმძღვანელების შეხვედრა მოხდა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა ირანში, როგორც ჩანს, ეს საკითხი თავის დროზე გადაწყდა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მანვე გაიხსენა, რომ თავის დროზე ალიევმა წამოაყენა ფორმულა - 2+2, სადაც უნდა ყოფილიყო სომხეთი და აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი. როგორც ჩანს, ამის შემდეგ ირანმა იაქტიურა და საბოლოოდ ერდოღანის პირით ირანმა თავისი ადგილი მონახა კავკასიური რეგიონალური უსაფრთხოების მოდელის ფორმატში.

ვახტანგ მაისაიას აზრით, ერდოღანს შეეძლო, თუკი ის ჩაფრინდა აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან ჩამოფრენილიყო საქართველოში, მაგრამ ეს საჭიროდ არ ჩათვალა და ჩვენს ხელისუფლებასთან არ გამართა კონსულტაციები, რომ საქართველოს სახელითაც ელაპარაკა.

რა მოტივით უნდა ვუთხრათ უარი ერდოღანის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას? ამის შესახებ ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ გააჩნია, რა გარემოში ვიმყოფებით. კერძოდ, ერდოღანი არის ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენელი. სულ ახლახანს ევროკავშირის სამიტი გაიმართა, სადაც ერდოღანის მიმართ კრიტიკა წამოვიდა, ლამის გადაუარეს ერდოღანს, ამერიკელები ახლა უკვე სანქციას უწესებენ თურქეთს. ყოველ შემთხვევაში, თურქეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელი და მისი რამდენიმე წევრი სანქციების სიაშია შესული, სენატი ამ სანქციებს მიიღებს და მთავრობაც ამას მხარს დაუჭერს.

„პუტინი, ერდოღანი და ჰამეინი, ამ შემადგენლობაში, ამ მოდელში ჩვენ შევდივართ ისე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები იქ არ არიან, არც ამერიკა, არც ევროკავშირი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომექვსეულის პლატფორმაში“ საქართველოს შეყვანა არარეალისტურია. ერდოღანს რომ ასე უნდა, ეს არაფერს ნიშნავს, ასე უკრაინასაც ცალკე ინიციატივა აქვს, მაგრამ არაფერი გამოვა, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციაში არ გადაწყდება, როგორი კურსი ექნება ამ რეგიონისადმი, ანუ კონკრეტულად უკრაინა - საქართველოსადმი. შემთხვევითი არ არის, რომ ამ მოლოდინში რუსეთი დუმს.

„ექვსეულის პლატფორმა არასერიოზულია, გამორიცხულია აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად, ასევე, საქართველო და რუსეთი ერთად. ხომ ხედავთ, სომხები რას აკეთებენ? აზერბაიჯანის ყოფილი ტერიტორიიდან მიდიან და სახლებს წვავენ, არაფერს არ ტოვებენ, რომ მტერმა არ ისარგებლოს. ასეთ დროს აზერბაიჯანელებს და სომხებს შერიგებაზე ვინ უნდა ელაპარაკოს? ეს გამორიცხულია, ამიტომ ერდოღანის ინიციატივა ინიციატივად დარჩება, მით უმეტეს, ახლა უკრაინის ვარსკვლავის საათი დგება ბაიდენის მოსვლით. ტეხასთან არის კიდევ ერთი სასამართლო დავა, რომელიც მალე დასრულდება, ტრამპი ალბათ დამშვიდდება და მერე მოიცლის ბაიდენი უკრაინისთვის. უკრაინა ბაიდენის პირველი სიყვარულია. ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი რომ იყო ობამას დროს, უკრაინა მას ებარა და აქტიურად იყო ჩართული უკრაინის მოვლენებში. თუ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირდება, ჩვენც შეგვეხება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გულისხმიერი დამოკიდებულება, ვინაიდან ნატოში გაწევრიანების საკითხი რომ დგას, უკრაინასა და საქართველოს ერთ ჭრილში განგვიხილავენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა უკრაინასთან აღვადგინოთ მეგობრული ურთიერთობა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.

 

ლაზი აქამდე ომით თუ უომრად იტაცებდნენ ჩვენს მიწებს. ახლა ერთიანად მოუნდათ. საკითხავი ისაა, მერე როგორ აპირებენ განაწილებას?!
3 წლის უკან