პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ! - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გომელაურმა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ფასდაუდებელი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.
"პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ! პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ ფასდაუდებელი შრომისათვის.
პანდემიის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი დანაყოფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. გვიწევდა საგუშაგოების მოწყობა, ჩაკეტილი ქალაქების კონტროლი. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ ამ ქალაქებში თვეობით ჩარჩენილი, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი ჩვენი პოლიციელები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში, რაც კონკრეტულ ციფრებში აისახა კიდეც", - განაცხადა გომელაურმა.