გუშინ იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ამ ქვეყნის საგადასახადო სამსახურსა და ცნობილ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას შორის გაურკვევლობა საბოლოოდ დასრულდა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში იტალიური საგადასახადო სამსახური მარადონას თავის დროზე შემოსავლის დამალვაში ბრალს სდებდა და მისგან დაახლოებით 40 მილიონი ევროს გადახდას ითხოვდა.
სახელგანთქმული სამხრეთ ამერიკელი 1984-1991 წლებში „ნაპოლიში“ ასპარეზობდა. იტალიელი სამართალდამცავები მისი კარიერის ამ პერიოდით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს რომ დონ დიეგომ იტალიის ხაზინას დიდძალი თანხა დაუმალა.
თავის დროზე მარადონას იტალიაში შესვლა აეკრძალა. რამდენჯერმე ფეხბურთელი ქალაქ რომის აეროპორტში დააკავეს და ციხეს თავი მხოლოდ ვექილების დახმარებით დააღწია. სამაგიეროდ ადგილობრივმა კარაბინერებმა ძვირფასი ნივთები ჩამოართვეს, რომელიც მოგვიანებით სპეციალურ აუქციონზე გაიყიდა. რასაკვირველია შემოსული თანხა ქვეყნის ხაზინაში ჩაირიცხა.
მრავალწლიანი დავა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ ნეაპოლში, მარადონას საქმის ირგვლივ მიმდინარე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელმაც მოთამაშე იტალიის საგადასახადო სამსახურების მიმართ სრულად გაამართლა.
სასამართლომ ფეხბურთელის სრული რეაბილიტაცია მოახდინა და დღეიდან მას იტალიაში სტუმრობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლია.
დიეგო მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი დაამშვიდა, მაგრამ იტალიის საგადასახადო სამსახურებს იქით უჩივლა და მრავალწლიანი მორალური ზიანის მიყენებისთვის დიდძალი ფულადი კომპენსაცია მოითხოვა.