გერმანელი ჟურნალისტი სანდრა რულოვსისა და ზელიმხან ხანგოშვილის დაგეგმილი შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა და რედაქტორმა სილვია შტობერმა განაცხადა, რომ სანდრა რულოვსს სურდა ბერლინში ჩასვლა, რათა ხანგოშვილს შეხვედროდა, ხანგოშვილმა მას დაუჯავშნა სასტუმროში ნომერი, ის მანქანით უნდა დახვედროდა რულოვსს რკინიგზის სადგურთან, მაგრამ ამ შეხვედრის ორგანიზატორი ხანგოშვილი მოკლეს.
ჟურნალისტის თქმით, ეს დეტალები ცნობილია სანდრასა და ხანგოშვილის ინტერნეტ მიმოწერიდან, რაც გამოძიებამ ამოიღო ხანგოშვილის მობილური ტელეფონიდან. ეს უნდა ყოფილიყო მათი პირველი შეხვედრა პირისპირ.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა მასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მეუღლე ბერლინში ჩეჩნური თემის დახმარებით იყო დაინტერესებული, ხოლო ხანგოშვილს სურდა სანდრასთვის ჩეჩნური თემის წარმომადგენლები და ადგილზე არსებული სიტუაცია გაეცნო. თუმცა იმ დღეს, როცა სანდრა უნდა ჩასულიყო ბერლინში, ხანგოშვილი მოკლეს.
ჟურნალისტის თქმით, სანდრა რულოვსი ბერლინში ამსტერდამიდან უნდა ჩასულიყო, მას მატარებლის ბილეთიც ჰქონდა, ამ მგზავრობას სულ რამდენიმე საათი სჭირდებოდა, თუმცა ის არ ჩავიდა გერმანიაში, რადგან იცოდა, რომ რაღაც მოხდა.
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ახალ გარემოებებზე ინფორმაციას ავრცელებს. გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის სანდრა რულოვსი დაასახელეს.
საქმის პროკურორმა ბერლინის სასამართლოში განაცხადა, რომ რულოვსი ტელეფონით დაიკითხა, თუმცა ახლა გამოძიებას მისი სასამართლო დარბაზში დაკითხვა სურს.
„ცენტრ დოსიეს“ ცნობით, რულოვსი ხანგოშვილს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდა, რის გამოც საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლემ მიგრაციის სამსახურში შუამდგომლობის წერილი 2019 წელს გააგზავნა.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ გაუგებარია ეს თამაშები, სად ზელიმხანი და სად სანდრა რულოვსი. ანალიტიკოსის აზრით, ბევრ კითხვას აჩენს, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან. ამიტომ საჭიროა დაიდოს კონკრეტული ფაქტები სანდრასთან მიმართებითაც.
„ის, რომ სანდრა რულოვსი სამი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა დაკითხეს გერმანიის პროკურატურაში, სერიოზული კითხვების არსებობაზე მიუთითებს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება არსებობდეს მის მიმართ ეჭვები. გერმანიის პროკურატურა საქართველოს პროკურატურა ნამდვილად არ არის, გერმანელებმა რომ იციან თავიანთი საქმე, მით უმეტეს, გერმანიის პროკურატურამ, ეს არავისთვის გასაკვირი არ არის, გერმანიის პროკურატურამ დაახლოებით ერთ კვირაში გახსნა ეს მკვლელობა, რაშიც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები პირდაპირ დაადანაშაულეს. რუსებმა კი ვერ შეძლეს ამის უარყოფა“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge-სთან საუბრისას და სააკაშვილის ნათქვამს გამოეხმაურა, რომ სანდრა ჩეჩნების პრობლემებით იყო დაინტერესებული.
„უკაცრავად ახლა, სანდრა რულოვსი რომელი კავკასიოლოგი მყავს და რომელი უსაფრთხოების სპეციალისტი? საერთოდ, სანდრა რულოვსმა თუ იცის, ჩეჩნეთის სოციუმი რა კომპონენტისგან შედგება? ესეც შეიძლება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. საერთოდ, ჩეჩნეთი თუ იცის სანდრა რულოვსმა? სად რულოვსი, სად ჩეჩნეთი? ეს უკვე სასაცილოა“.
ანალიტიკოსს კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რაში სჭირდებოდა ზელიმხან ხანგოშვილს თავშესაფრის მოძიება და სანდრა რულოვსის ლობირება? ჩეჩნური დიასპორა საკმაოდ ძლიერია, ზელიმხან ხანგოშვილის ქეისი ყველამ იცოდა, ავსტრიაში, გერმანიაში მას არ სჭირდებოდა არავის ლობირება და შუამავლების მოძიება, გერმანიამ მას ისედაც მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. გერმანიაში რომ ჩავიდა, გერმანიის მთავრობამ მას ეგრევე მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი. მას საკმაოდ ძლიერი სოციალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა, ამიტომაც იყო, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს მისი დემონსტრაციული მკვლელობა.
ვახტანგ მაისაია იმედოვნებს, რომ გერმანიის პროკურატურა ამ საქმესაც ბოლომდე გამოიძიებს ისევე, როგორც ამ მკვლელობის შესახებ დადო მაღალპროფესიული დასკვნა, რაც რუსეთის პროკურატურამ, სპეცსამსახურებმა და რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც კი ვერ უარყო. ამ მაღალპროფესიული დასკვნის შემდეგ პუტინი გადავიდა იმის მტკიცებაზე, რომ თურმე ზელიმხანი იყო ტერორისტი და ტერორისტების ლიკვიდაცია თურმე საერთაშორისო პრაქტიკაში რეალური და ადეკვატური ქმედება.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე შარშანდელ პერიოდს იხსენებს, როცა ბერლინში ზელიმხანის დაღუპვის გამო ერთი ამბავი ატყდა და მთელი საინფორმაციო შტურმი წამოვიდა ჩვენს ხელისუფლებაზე, მათ შორის, იყო ასეთი განცხადებებიც-„ხანგოშვილის საქმე და პრორუსული ოცნება“.
ამირან სალუქვაძის აზრით, ამ საქმეში კითხვები საკმარისადაა. კერძოდ, ექსპრეზიდენტს არ უხსენებია, რომ მისი მეუღლე ზელიმხანს თავშესაფრის მიღებაში უნდა დახმარებოდა, რაც, წესით, უნდა სცოდნოდა. ამასთან, საეჭვოა რულოვსთან შეხვედრის და მკვლელობის დღის დამთხვევა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რატომ უნდა ჰქონოდა რაიმე კავშირი სანდრა რულოვსს ზელიმხან ხანგოშვილთან. ასევე, საინტერესოა, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც გერმანიის სტრუქტურები იძიებენ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს, თავად რულოვსმა რატომ არ გამოიჩინა ინიციატივა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. კითხვებს აჩენს ისიც, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, როგორ და რისთვის მოხვდა ხანგოშვილი ბერლინში და, თუ თავშესაფრის მიღებაში მას რულოვსი ეხმარებოდა, ეს ხომ უნდა სცოდნოდა გერმანიის ხელისუფლებას?
შეგახსენებთ, პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. როგორც ამბობენ, კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.