რუმინეთის ჩემპიონატში ასპარეზობა შედეგიანად დაიწყო რევაზ როგავამ, რასაც ვერ ვიტყვით მის გუნდზე. თბილისური „ოლიმპის“ ყოფილი კაპიტანი 2020-21 წლების სეზონში „ტარგუ ჟიუს“ ღირსებას იცავს და მის გუნდს პირველსავე ტურში რუმინეთის მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ოქროს მედლის მაძიებელი “ორადეა” შეხვდა.
როგავას გუნდი 65:90 დამარცხდა. ტარგუელთა შემადგენლობაში ორი კალათბურთელი გამოირჩა – ამერიკელი კევინ ალენი და ქართველი რევაზ როგავა. ალენმა 20 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რეზო კი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმც მოედანზე საკმაოდ ბევრი – 28 წუთი გაატარა და 19 ქულას 4 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მიამატა. ქართველმა უკანახაზელმა სამქულიანები მეტისმეტად მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნა – 7-დან 5 ჩააგდო.
მომდევნო მატჩს „ტარგუ ჟიუ“ 11 დეკემბერს „ტიმიშოარას“ წინააღმდეგ გამართავს.