„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა მისი გამარჯვების შემთხვევაში ლიონელ მესის კლუბში დარჩენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეუძლია, რომ არგენტინელი კლუბში დარჩენაზე დაიყოლიოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ კარგი, კონკურენტუნარიანი და რაც მთავარია, გრძელვადიანი შეთავაზებით შეგვიძლია დავარწმუნოთ დარჩენაში. მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ეს. ამიტომ, მასთან ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გავაგრძელოთ. მესი ყველაზე მაღლა დგას. ამ კაცს უყვარს „ბარსელოას“ და მასთან ერთად გამარჯვება სურს.
რა თქმა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშემ უნდა გამოიმუშავოს ფული, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისთვის მთავარია კონკურეცია და გამარჯვება. მისი ხელფასი კი არის რეალობა, რომელიც გასათვალისწინებელია.
მესი „ბარსელონას“ გულშემატკივარია და მას უყვარს კლუბი. მრავალი წელია აქ არის და დარწმუნებული ვარ, ახლა მისი სიყვარული კლუბისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - თქვა ფონტმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარსაა დაგეგმილი. მესის „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.