ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები, მიუხედავად გატარებული აკრძალვებისა, მაინც მზარდია. 28 დეკემბრიდან მოქმედ შეზღუდვებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ჯერჯერობით ზეგავლენა არ მოუხდენია. კოვიდ-19-ის რაოდენობა კვლავ 4 ათასიდან 5 ათასამდე მერყეობს. სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ეს ტესტირების ზრდის შედეგია და დადებითი დინამიკა შეზღუდვების ამოქმედებიდან, დაახლოებით 2-3 კვირაში გვექნება. თუმცა, სპეციალისტების მეორე ნაწილი თვლის, რომ ახალი შემთხვევების კლება არც მაშინ გვექნება, რადგან შეზღუდვების მოხსნის ფაქტმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს და 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე რეგულიაციების დროებით შეჩერების შედეგად, მორიგი ეპიდაფეთქება მივიღოთ.
შესაბამისად, საჭიროა ამ პერიოდში, თავად მოსახლეობამ გამოიჩინოს მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. როგორც წინასაახალწლო სამზადისს, ასევე შობა-ახალ წელს მშვიდად ვიწრო წრეში შეხვდეს. ინფექციონისტების მთავარი რეკომენდაციაა დავრჩეთ სახლში და კვლავ დავიცვათ ის რეგულიაცები, რაც 24 დეკემბრამდე მოქმედებს. ეს აუცილებელია, რომ ის შრომა, რაც ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად გასწია, წყალში არ გადაიყაროს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსი რომ არ გავრცელდეს, მნიშვნელოვანია თვითშეზღუდვები.
„როდესაც საერთოდ არაფერი ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ ჩვენი უპირველესი რეკომენდაცია იყო, მაქსიმალურად შეგვეზღუდა ადამიანების მობილობა, რათა დაავადებისთვის არ მიგვეცა გავრცელების შანსი. მგონი, მოვახერხეთ ეს. არ გავრცელდა დაავადება ქვეყანაში. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ, სამწუხაროდ, მასში ჯერ კიდევ ბევრი ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. დღეს რჩება ერთი - ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი თვითშეგნება. თუ არ გვინდა, რომ ვირუსი ფართოდ იყოს გავრცელებული, დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. კი, ამას ალბათ ნაკლები შეზრუდვები მოჰყვება, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არ იქნება, ათასობით ჩვენს მოქალაქეს ჰოსპიტალიზირება რომ მოუწიოს?“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ვხედავთ გადავსებულ კლინიკებს და სამედიცინო პერსონალის დეფიციტს. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული კრიზისია და შესაძლოა, ამ ყველაფერს ქვეყანამ ვერ გაუძლოს. მეორე ნაწილი ეპიდვითარებას მართვადს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ჯანდაცვა ამ ყველაფერს გაუმკლავდება. უნდა ვთქვათ, რომ მედიკოსებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ხშირად, მათი უთანხმოება სერიოზული კონფლიქტითაც კი სრულდება-ხოლმე.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან სკეპტიკურად უყურებს იმ ფაქტს, რომ 2 კვირისთავზე შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება მივიღოთ. მეტიც, მისი თქმით, 24 დეკემბრიდან რეგულაციების მოხსნამ შეიძლება მორიგი ეპიდაფეთქება გამოიწვიოს.
„სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუმცა სხვა გზა ამ ეტაპზე არ გვაქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანები ტანსაცმლის მაღაზიაში შეხვდებიან ერთმანეთს თუ სურსათი-სანოვაგის მაღაზიაში. მაინც არის კონტაქტები, მაინც ხდება ურთიერთობა, სხვანაირად წარმოუდგენელია. შიმშილით ხომ არ დაიხოცება ყველა?! - ამ გარემოებებიდან გამომდინარე, არა არის გასაკვირი, რომ არსებითი ცვლილებები ვერ მოხდეს.
თუ დაიწყება, ყველაზე მეტად მასობრივი ტესტირების იმედი მაქვს, ამასთანავე ინფიცირებული ადამიანების იზოლირება იქნება სწორი, მხოლოდ ეს გზა დაგვრჩა, სანამ ვაქცინა შემოვა. ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება.
შეზღუდვები არ მოგვცემს მყისიერ შედეგს, ვინაიდან ეს არ არის მთლიანი ჩაკეტვა. მოსახლეობა გარეთაც გამოდის, ერთმანეთს ხვდება. ისიც ვიცი, რომ იკრიბებიან კიდეც და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არაა გასაკვირი. შედეგი დადგება მასობრივი ტესტირების შემდეგ.
რაც შეეხება ჩაკეტვის შედეგს, ეს მხოლოდ შეამცირებს ინფიცირებულების რაოდენობას. შედეგი შეიძლება მივიღოთ ერთ თვეში. ახალი წლისთვის უკვე რაღაც შედეგი უნდა გვქონდეს, რაც ჩაკეტვის დამსახურებაც იქნება. როგორც კი აკრძალვები იხსნება, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება.
ქართველები ცოტა „უშიშარი“ ხალხი ვართ. ამასთან, მოსახლეობა მიეჩვია ვირუსს. ცოტა თავნება ქმედებებსაც ვაწყდებით. ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდა არ არის გამორიცხული, ადამიანები ახალ წელს მაინც შეხვდებიან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ახალი შემთხვევები რაოდენობის კლების ტენდენცია შესაძლოა, რეგულაციების ამოქმედებიდან 3 კვირისთავზე მივიღოთ. მისივე თქმით, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევები 4000-დან 5000-მდე მერყეობს, რაც შეგვიძლია დადებით დინამიკად ჩავთვალოთ, რადგან შეზღუდვების არამოქმედების შემთხვევაში, მეტი იყო მოსალოდნელი.
„შემთხვევები მზარდი იყო და ახლა, რომ 4000-დან 5000-მდე ფიქსირდება, ეს შეიძლება ისე შეფასდეს, რომ დინამიკაში ახალი შემთხვევების ზრდა არ გვაქვს. ზოგადად, რამდენად ეფექტურია გატარებული ღონისძიებები, ამას დაახლოებით რეგულაციების დაწესებიდან 3 კვირისთავზე ვნახავთ.
ახალი შემთხვევების ზრდის რისკები არსებობს, ამიტომ გახსნის შემდეგაც გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს, რომ ეპიდსიტუაციის მიღწეული სტაბილიზაცია არ დაგვივარდეს და ამ შეზღუდვებს აზრი ჰქონდეს.
მესმის ახალი წელია. ამიტომ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ეს შეზღუდვები შემსუბუქდეს, მაგრამ მოსახლეობა ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და რეგულაციები დაიცვას. ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს. თავი უნდა შეიკავონ თავშეყრისგან, ახალი წელი მინიმალური შეკრებებით უნდა გავატაროთ. მესმის დღესასწაულებია, თუმცა, ეს საჭიროა, რომ შემდეგ, გაზაფხული შედარებით მსუბუქი გვქონდეს მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.