„თუ არჩევნები გაყალბდა, 40 ათასი კომისიის წევრი ციხეში უნდა წავიდეს, თუმცა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არაფერი არ გაყალბებულა“

„თუ არჩევნები გაყალბდა, 40 ათასი კომისიის წევრი ციხეში უნდა წავიდეს, თუმცა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არაფერი არ გაყალბებულა“

„თუ არჩევნები გაყალბდა, ამის პირდაპირი შედეგი უნდა იყოს 40 ათასი კაცის ციხეში წასვლა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში, როგორც კომისიის წევრები. თუმცა ოპოზიციამ თვითონვე კარგად იცის, რომ არაფერი არ გაყალბებულა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

რამდენი ოპოზიციონერის გადაბირება დასჭირდება ხელისუფლებას მიზნის მისაღწევად, რათა ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივა თავიდან აიცილოს?

- რაოდენობრივ კრიტერიუმზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი მგონია, პარლამენტის კარი ოპოზიციისთვის არ დაიხუროს. თუნდაც მათ სრულიად უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ და უარი თქვან მანდატებზე, საბოლოოდ მაინც პარლამენტის უფლებაა, ვადამდე უფლებამოსილება შეუწყვიტოს თუ არა დეპუტატებს. სია ვერავითარ შემთხვევაში ვერ განულდება, თუ პარლამენტის წევრები უფლებამოსილებას არ მოიხსნიან. პროცედურულად პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე იწერება განცხადება იმ პირის მხრიდან, ვინც უფლებამოსილების მოხსნას აპირებს, პარლამენტის თავმჯდომარე ამას ბიუროს გადასცემს, 8-დან 15 დღე აქვს ვადა და შემდეგ ეს საკითხი გადის უკვე პლენარულ სხდომაზე. პარლამენტმა ამ საკითხზე რომ არ იმსჯელოს და პლენარულ სხდომაზე არ გავიდეს, არ შეიძლება. მანამდე პარლამენტი სხვა საკითხების განხილვაზე უბრალოდ ვერ გადავა. როცა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხია დღის წესრიგში შეტანილი, ჯერ ამ საკითხზე უნდა მიიღოს პარლამენტმა გადაწყვეტილება. ვინ არის პარლამენტის წევრი და ვინ არა, სანამ ეს საკითხი ღია და გაურკვეველია, მანამ პარლამენტი სხვა საკითხებს ვერ განიხილავს. მაგრამ პარლამენტის უფლებაა, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, ან არ მიიღოს. კენჭისყრა ჩატარდება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადების საფუძველზე და საბოლოოდ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მაგალითად, ათი კაცი მისცემს ხმას, თანახმა ვარ შეუწყდეს კონკრეტულ დეპუტატს უფლებამოსილებაო, დანარჩენი კი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, უარს კი არ იტყვის, არამედ უბრალოდ არ მიიღებს მონაწილეობას და საკითხი ჩავარდება. ამდენად, უფლებამოსილება მათ ფორმალურად შენარჩუნებული ექნებათ. შემდეგ უკვე მომავალი პლენარული სხდომა რომ იქნება, იგივე განმეორდება, პირველი საკითხი ისევ ეს იქნება და კიდევ ჩავარდება. ყოველ ჯერზე ამას თან მოჰყვება პოლიტიკური განცხადებები და მოწოდება, გონს მოეგეთ და შემოდით პარლამენტში. ეს გაგრძელდება და ასეთი „გამოსავალიც“ არსებობს.

მაგრამ უფლებამოსილების ჩავარდნის საკითხი უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება?

- გაგრძელდება მანამ, სანამ გონს არ მოვლენ.

რომ არ მოეგონ გონს?

- მაშინ შეიძლება ეს 4 წელი გაგრძელდეს.

ხელფასს შეინარჩუნებენ?

- ხელფასი ექნებათ, ძალიან ძნელი საპროგნოზოა, რა იქნება ერთი წლის მერე, მით უმეტეს, ადგილობრივი არჩევნები მოდის და იქ როგორ მიიღებენ მონაწილეობას, ბევრი რამ მოხდება. ჯერჯერობით პარლამენტს ეს მექანიზმი აქვს, რომ არ დაეთანხმოს უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას და ღია დატოვოს პარლამენტის კარები, რომ იქნებ, შემოვიდნენ და გონს მოეგონ. თუ ისევ ამ უგუნურ გზას დაადგნენ, მაშინ სხვა გადაწყვეტილებებიც შეიძლება გამოინახოს. მათ შორის, არა მხოლოდ დაფინანსების შეწყვეტის საკითხი, არამედ იმ პარტიების რეგისტრაციის შეჩერების საკითხიც, ვინც საკუთარ მანდატებზე უარს ამბობს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

როგორ გგონიათ, ამდენ ხანს ოპოზიციონრებმა რატომ ვერ გადალახეს პარლამენტში შესვლის დილემა, მათ რაღაც გარანტიები აქვთ, თუ მათ ბლოკავენ?

- თავისთავად ცხადია, ეს რაციონალიზაციას სცილდება და ექსტრემისტული განცხადებაა, პარლამენტში არ შევალ იმიტომ, რომ გაყალბდა არჩევნებიო. ამ დროს არავითარი სამართლებრივი პროცედურით მათ არ დაუმტკიცებიათ, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა. ჯერ ერთი, „გაყალბდას“ ძახილი ამოვარდნილია ნებისმიერი სამართლებრივი პოლიტიკური ჩარჩოდან. თუ არჩევნები გაყალბდა, ეს არის უმძიმესი დანაშაული, ამის პირდაპირი შედეგი უნდა იყოს 40 ათასი კაცის ციხეში წასვლა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში, როგორც კომისიის წევრები. ასე ადვილი ხომ არ ხდება არჩევნების გაყალბება? შენ თუ აბრალებ ამ 40 ათას კაცს, მათ შორის, საკუთარი კომისიის წევრებსაც ასეთი დანაშაულის ჩადენას, მაშინ ეს უნდა დაამტკიცო. მტკიცების ტვირთი შენზეა, თორემ, თუ უაპელაციოდ იძახი გაყალბდაო, ეს სიგიჟეა.

ახლა ინტერნეტში შეიძლება ადამიანთა ჯგუფი ვნახოთ, მათ ოფიციალური საიტიც კი აქვთ და დღემდე ამტკიცებენ, რომ დედამიწა ბრტყელია და მზის გარშემო კი არ ბრუნავს, პირიქით არისო. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპოზიციონრებს უნდათ პარლამენტში შესვლა, რადგან, როცა ასეთი უგუნური გზა გაქვს არჩეული, ცხადია, ვიღაც გამოჩნდება, თუნდაც შენი პარტიის წევრი, რომელიც გონიერებისკენ მოგიწოდებს. ნაცებშიც არიან ასეთები - ვაშაძე, სამადაშვილი. დარწმუნებული ვარ, კიდევ სხვებიც იქნებიან. ისინი თავისივე ექსტრემიზმის ტყვეები არიან, ექსტრემიზმს აქვს ეს თვისება, როცა ამ გზას ადგები, შემდეგ სპირალივით უფრო და უფრო მაღლა ადიხარ, რადიკალიზაციის გზას დაადგები და უკანდახევა გიჭირს. ეს ფსიქოლოგიური საკითხიცაა. ახლა ეგენი რომ შევიდნენ პარლამენტში, რასაკვირველია, ძალიან უხერხული იქნება, ამდენი დაიგინეს, თავზე შემოიხიეს.

ხომ შეუძლიათ თქვან, ელჩების ხათრით შევდივართ, ელჩებმა შეგვიყვანესო?

- რა ვიცი, ახლა უკვე რაღაცნაირად გამოდის, რომ არასერიოზული ხალხია, მათ კარგი არჩევანი აღარ აქვთ, მაგრამ ახლა მათ არჩევანზე კი აღარ არის ლაპარაკი, არამედ ქვეყანას არ შეუქმნან კიდევ უფრო რთული პრობლემები. თუ მათ ადამიანობა და გონიერება ეყოფათ, მიუხედავად იმისა, რომ სირცხვილი იქნება პარლამენტში მათი შესვლა, უნდა სძლიონ თავს და მაინც შევიდნენ.

თუკი შეთანხმებას საბოლოოდ არ მიაღწიეს, გამოდის, რომ ელჩებიც ტყუილად დაშვრნენ?

- ელჩებმა რა ქნან? გარედან რომ დავაკვირდეთ, საქართველო უცნაურ მდგომარეობაშია. ტრამპიც აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ მას არჩეული აქვს სამართლებრივი გზა, სასამართლოში ხდება შედეგების გარჩევა, მაგრამ ტრამპს არ უთქვამს, თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ ბაიდენმა გაიმარჯვა, არ დავტოვებ თანამდებობასო. საქართველოშიც ასე უნდა მომხდარიყო იმ პროცედურებით, რაც ცივილიზებულ ქვეყნებშია. სასამართლოს გარდა კიდევ სხვა მექანიზმებია, ბოლოს და ბოლოს, შეუძლიათ, პარლამენტში შევიდნენ, შექმნან საგამოძიებო კომისია, თვითონვე სათითაოდ დათვალონ ყველა ბიულეტენი, ამაზე მძლავრი ინსტრუმენტი რა შეიძლება ჰქონდეთ? სათითაოდ გამოიძახონ საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, გამოჰკითხონ დეტალები, უდიდესი შანსი აქვთ, დაამტკიცონ გაყალბება, თუკი ასეთი რამ მოხდა. თუმცა თვითონვე იციან, რომ არაფერი არ გაყალბებულა. უბრალოდ, უნდათ ხელისუფლება ხელიდან გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“ და ეს გააკეთონ ექსტრემისტული მეთოდებით, რაც დამღუპველია მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. ხელისუფლების მოვალეობაა, შეაკავოს ეს ექსტრემიზმი, თორემ ქვეყანასაც გადაიყოლებს.

არაგველი641 თუკი ხელახლა გადაითვლიან ხმებს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გაყალბის ავტორი ოპოზიციაა!
3 წლის უკან