გვსურს, ვიყოთ ისეთივე ძლიერი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„ჩვენ ბოლო წლებია, პოლარიზებულ პოლიტიკურ ცხოვრებას ვხედავთ. არის ორი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ , „ქართული ოცნება“ და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნამდვილად გვინდა, გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ დიდი, მძლავრი ოპოზიციური ძალა, ისევე როგორც არის მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“. მგონია, ამაში არაფერი დასაძრახი არ არის. რა თქმა უნდა, იგივე ევროპულ დემოკრატიებს გადავხედავთ, გნებავთ აშშ-ს, არის ძირითადი რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, ჩვენც გვინდა, რომ იყოს არა 20 პოლიტიკური ცენტრი საქართველოში, არამედ სამი, რომ არ მოხდეს მუდმივად მკვეთრი დაპირისპირება და ვიყოთ ოპოზიციური ხმების შემკრები. ვიყოთ ისეთივე ძლიერი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ , - განაცხადა ჩიხლაძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, სხვა პარტიებიც შეუერთდნენ გაერთიანებული ოპოზიციიდან და ვისთან ერთადაც შევლენ პარლამენტში, ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ შემდგარა.
„გადაჭრით ვამბობ, რომ ჯერჯერობით კონსულტაციები ამ საკითხზე არავისთან არ არის, მომავალში ვნახოთ. ეს არჩევნებამდეც გვქონდა გაცხადებული, რომ ამის ამბიცია გვაქვს და გვინდა. შემდეგში ვნახოთ, რა თქმა უნდა პოლიტიკურ ძალებსაც დაველაპარაკებით“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
გუშინ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში მესამე მძლავრი ცენტრის შექმნას გეგმავს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს ვერ ხედავს