ირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის

დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ელჩის  აქტივისტებთან კომუნიკაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ  ეს ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.

„დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, მით უმეტეს ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არ ვცდები, ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. ესეც არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ჩვენ გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია, ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ აქტებზე. არც შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს ელჩს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანები უხეშად არღვევენ არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სამართლებრივ კონსტიტუციურ პრინციპებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„დღეს, ამ სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო უცხოური ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, არჩევნებში და აქ გავაცანით ჩვენს პარტნიორებს ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. თუ ვინმეს არ მოსწონს მაგალითად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გარე ჩარევა, იქნება ეს საარჩევნო პროცესებში, თუ ზოგადად შიდაპოლიტიკურ საკითხებში, ჩვენ ვხედავთ იმავეს საქართველოში, ოღონდ ევროპელი ბიუროკრატების და დიპლომატების მხრიდან, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. პირდაპირი ჩარევა იყო არჩევნებში, არჩევნების წინ და ახლა ვხედავთ პირდაპირ ჩარევას არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურ საკითხებში, არამედ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რაც არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.