„შეხებისას შეგრძნების დაკარგვა, თმის ცვენა... ამ ვირუსის შესახებ ეს ახლახან აღმოაჩინეს“ - რა ახალ სიმპტომებზე საუბრობს მედიცინის დოქტორი

„შეხებისას შეგრძნების დაკარგვა, თმის ცვენა... ამ ვირუსის შესახებ ეს ახლახან აღმოაჩინეს“ - რა ახალ სიმპტომებზე საუბრობს მედიცინის დოქტორი

კაცობრიობის უხილავი მტრის კვლევა-შესწავლა ჯერაც არ დასრულებულა. მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები სამეცნიერო ჟურნალებში "კოვიდ 19"-ზე დროდადრო ახალ-ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ. როგორც ირკვევა, ვირუსთან მიდგომები თანდათან იცვლება და მეცნიერები პერიოდულად სენსაციურ აღმოჩენებამდეც მიდიან. სამედიცინო უნივერსიტეტ "გეომედის" პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაპიტაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ მსოფლიო სიახლეებზე გვიამბობს:

„ანთებას სისხლძარღვთა თრომბოზი იწვევს. როცა  ვირუსი­ სისხლში გადადის,­ აზიანებს­ სისხლძარღვთა შიდა შრეს - ენდოთელიუმს და ენდოთელიურ ანთებას იწვევს. ამ დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ზრდიან. მარტივად ავხსნათ ეს პროცესი:­ როცა ბიოქსოვ­ილი ზიანდება, შესაძლოა ადამიანი სისხლისგან დაიცალოს, ამიტომ ორგანიზმს აქვს ბუნებრივი უნარი დაზიანების ადგილას სისხლდენა შეაჩეროს და ეს სწორედ სისხლის შედედებით ხდება. ჭრილობის ადგილას გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედების უნარს და ხდება თრომბირება - ანუ ენდოთელიუმის დაზიანება ჭრილობის თრომბით დახურვას იწვევს. კორონავირუსიც სწორედ ამგვარი დაზიანების იმიტაციას ახდენს და იწყება თრომბოზი.

ამჟამად ამერიკაში "კოვიდის" იოლი მიმდინარეობის დროს ყველას ასპირინს აძლევენ. დადგინდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსამდე კარდიოასპირინს იღებდნენ, დაავადება ნაკლები­ გართულებით მიმდინარეობს. "კოვიდის" მსუბუქი ფორმის დროს ასმევენ ასპირინს და უმატებენ ლიმონს, რომელსაც ასევე შედედების საწინააღმდეგო უნარი აქვს. დამტკიცდა,­ რომ ანტიკოაგულანტის (მედიკამენტი,­ რომელიც ამცირებს სისხლის შედედების უნარს) გარეშე ანტივირუსული პრეპარატების­ გამოყენება არაეფექტიანია და აუცილებელია ანტიკოაგულანტებით მკურნალობაც. რაც შეეხება ანტიბიოტიკს, ის მაშინ არის ეფექტიანი, როცა ვირუსს ბაქტერიული ანთება შეერევა.

- იერუსალიმის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რომ ნახევარი წლის შემდეგ, როცა დაავადება ყველა სიმპტომით გაივლის, 20%-ს მაინც რჩება სისუსტე, 9%-ს აქვს სუნთქვის გაძნელება, ხოლო 15%-ს გემოსა და ყნოსვის დაკარგვა. შესაძლოა შესუსტდეს მეხსიერება, განვითარდეს არითმია, ნერვული ზედაპირული სენსორული დარღვევა, მაგალითად, შეხებისას შეგრძნების დაკარგვა, შეიძლება დაიწყოს თმის ცვენაც. გარდა ამისა, შესაძლოა განვითარდეს ე.წ. პერსევერაცია - მაგალითად, ადამიანმა აიჩემოს, რომ ბანანს ბენზინის სუნი აქვს, ან ვერ იგრძნოს სუნამოს სუნი და იგრძნოს შარდის. ამ ვირუსის შესახებ ეს ახლახან აღმოაჩინეს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ალექსანდრე­ პაპიტაშვილმა.