ქართული კლუბები გაისიდან ევროპა ლიგის მაგიერ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

ქართული კლუბები გაისიდან ევროპა ლიგის მაგიერ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

2021-22 წლების სეზონიდან უეფამ ევროთასების გათამაშებაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ჩემპიონთა და ევროპა ლიგებს რანგით მესამე, კონფერენს ლიგა დაემატება. ანუ, ევროპული საკლუბო ფეხბურთის მესამე დონე.

კონფერენს ლიგა სანაკრებო ერთა ლიგის ერთგვარი ანალოგია. მიზანი დაბალი რეიტინგის ქვეყნების წარმომადგენლების შეჯიბრში მეტი ჩართულობაა. ზოგადად, ასეთები ევროსეზონს ზაფხულშივე ამთავრებენ, ახლა კი მათ საშუალება მიეცემათ დეკემბრამდე ითამაშონ, უფრო იღბლიანები კი გაზაფხულზეც გააგრძელებენ ევროასპარეზობას.

ჯერ ის ვთქვათ, რომ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდის ნაცვლად, 32 დარჩება და სამივე ევროთასის გადამწყვეტ ეტაპზე 32 კლუბი ითამაშებს.

კონფერენს ლიგაში 184 კლუბი მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც უეფას 55 წევრიდან მინიმუმ ერთი გუნდი მაინც ითამაშებს. ამავე ციფრში შედის ჩემპიონთა და ევროპა ლიგებიდან გადასული 48 კლუბიც.

სამი საკვალიფიკაციო ეტაპი იქნება, შემდეგ კი 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება.

მერვედფინალში რვავე ჯგუფის გამარჯვებულს, ევროპა ლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნები (8-8) დაემატებიან. ესენი მერვედფინალამდე ერთმანეთში ფლეი ოფის ერთ რაუნდს გამართავენ. ასე შეიკრიბება 16 გუნდი.

შემდეგ ჩვეულებრივ, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. გამარჯვებული მომავალ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას მიიღებს.

პირველი ფინალი 2022 წლის 25 მაისს გაიმართება ტირანაში. ახალი „ნაციონალური არენა“ (26, 690 ათასი მაყურებელი) ცნობილი „ქემალ სტაფას“ ადგილზე აშენდა ტირანას ცენტრში და 2019 წელს გაიხსნა.

ახლა ჩვენებზეც ვთქვათ. კონფერენს ლიგაში სამი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - მეორეადგილოსანი, მესამეადგილოსანი და ქვეყნის თასის მფლობელი. ერთი მონაწილე უკვე ცნობილია - „გაგრა” არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი. გაგა კირკიტაძის გუნდი ჩვენს ქვეყანას 2021-2022 წლების სეზონში უეფას ახალ ტურნირზე წარმოადგენს.

კიდევ ორი საგზურის მფლობელი კი 10 დეკემბერს დადგინდება ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო ტურში. „ლოკომოტივი“ „დილას“ მასპინძლობს და უშუალოდ მათ შორის გაირკვევა მესამეადგილოსნის ვინაობა.

მეორე ადგილზე კი, დიდი ალბათობით, „ბათუმი“ გავა, რადგან ლიდერი თბილისის „დინამო“ ორი ქულით უსწრებს ზღვისპირელებს და ბოლო ტურში უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანთან“ ფრეც ჰყოფნის.

დაბოლოს, ევროპა ლიგაზე ჩვენი გუნდი შეიძლება მაინც მოხვდეს. თუ ქვეყნის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდება, ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებს.