კარლ ჰარცელი: გუშინ მოვახერხეთ მიგვეღწია პროგრესისთვის, დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას

კარლ ჰარცელი: გუშინ მოვახერხეთ მიგვეღწია პროგრესისთვის, დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას

გუშინ მოვახერხეთ, მიგვეღწია პროგრესისთვის, დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის შესახებ განაცხადა.

კარლ ჰარცელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკების იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება.

„ვფიქრობ, გუშინ საერთო ჯამში კარგი განხილვა გვქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, შევხებოდით ყველა საკითხს, რაც დიალოგის ფარგლებში განიხილება. ასევე მოვახერხეთ, მიგვეღწია პროგრესისთვის გაგების გაღრმავებაში. დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას. გავაგრძელებთ იმის დანახვას, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა საერთო პლატფორმის მიმართულებით. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ, ფასილიტატორები მუშაობას პარლამენტის გახსნამდე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე ვფრთხილობ, ეს იქნება ყველასთვის მძიმე გადაწყვეტილებები, ყველამ გადადგა ნაბიჯები და ვნახავთ, რას მივაღწევთ. როგორც ვთქვი, ეს იქნება რთული, მოითხოვს ლიდერობას და პასუხიმგებლობას, რომ მივიდეთ დასახულ ადგილამდე.

მზად ვარ იმდენი მოლაპარაკების რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე არ ვნახავთ, რომ პროგრესი გვაქვს. მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, რას მოიტანს ხვალინდელი დღე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.