ბექა დავითულიანი: „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხალხის მიერ 31 ოქტომბერს გამოხატული ნების რევიზიას

ბექა დავითულიანი: „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხალხის მიერ 31 ოქტომბერს გამოხატული ნების რევიზიას

ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან იყო მყარი და ცალსახა. „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხალხის მიერ 31 ოქტომბერს გამოხატული ნების რაიმე ფორმით რევიზიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ეს პოზიცია უცვლელია და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გადახედვის საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის დახვეწასა და შემდგომში რეფორმირების გაგრძელებას, ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. პოზიციები კიდევ უფრო დაახლოებულია და იმედი გვაქვს, რომ სასურველი შედეგი მიიღწევა. თუ არ მიიღწევა, „ქართული ოცნება“ შევა პარლამენტში, დატოვებს კარს ღიას და არჩევანი იქნება ოპოზიციაზე“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მან კომენტარი, ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზეც გააკეთა. „პოლიტპატიმრები საქართველოს არ ჰყავს და პოლიტიკოსები ვერ გადაწყვეტენ ვინმეს პატიმრობის შეფარდების ან პატიმრობის მოხსნის საკითხს. ამას დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლო სისტემა წყვეტს“,- აღნიშნა დავითულიანმა.

დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.