„მოლაპარაკებების ხანგრძლივობა მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკებები შინაარსიანი იყო და არსებით საკითხებს ეხებოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და მორიგი რაუნდი ჩატარდა, მისი ხანგრძლივობა მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკებები შინაარსიანი იყო და არსებით საკითხებს ეხებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები არიან ბოლომდე ჩართული და თვალს ადევნებენ პოლიტიკური პროცესს. შესაბამისად, შეგვიძლია, ოპტიმიზმით შევხედოთ მოვლენების განვითარებას. ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, შეთანხმების ტექსტზე ინფორმაციამ გაჟონა, რამაც აჩვენა ერთი რამ: ზოგიერთი მხარე არღვევს ელჩების მოთხოვნას იმაზე, რომ მოლაპარაკებები კონფიდენციალური იყოს.
მისივე თქმით, გარკვეული გარემოებები მიანიშნებს, რომ ოპოზიციაშ ერთიანი აზრი არ არის და მათ შორის გარკვეული უთანხმოება და დაპირისპირებაა.
„ეს გვიჩვენებს ერთ რამეს, რომ ოპოზიციაში არიან სასოწარკვეთილი ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული არ იყოს. შესაბამისად, ამის გამო, ცდილობენ, რომ წინასწარ გააჟღერონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაზეა საუბარი“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.