ნამდვილად პოზიტიური და საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის თემები, სადაც ხდება აზრთა დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის, - ამის შესახებ მოლაპარაკებების მესამე ტურიდან გამოსულმა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა.
„დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრების საკითხებზე და ა.შ. ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში და არის საკითხები, რომლებზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგალითად რიგგარეშე არჩევნები, ეს არის პატიმრების საკითხი. თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართა. მხარეები ამ მიზნით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.
შეხვედრამდე ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა. პუნქტებს შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.