ეკატერინე ტიკარაძე: შაბათ-კვირას არის საკმაოდ დაბალი აქტივობა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება

ეკატერინე ტიკარაძე: შაბათ-კვირას არის საკმაოდ დაბალი აქტივობა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება

ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის ახალი შემთხვევების შედარებითი სიმცირის მიზეზი განმარტა. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენი დაკვირვებით, შაბათ-კვირას არის საკმაოდ დაბალი აქტივობა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ვთქვათ ის, რომ (ინფიცირების) გამოვლენილ რიცხვი საკმაოდ დაბალია. რეალურად, დღეს-დღეობით გვაქვს 25%, როდესაც გამოვლენის მაჩვენებელი 37%-ს აღემატებოდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 164 976 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 137 499-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 540 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.