ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იწყება. მხარეები ამ წუთებში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, შედგება თუ არა შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის.
სავარაუდოდ, ეს დიალოგის ბოლო რაუნდია, ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. შეხვედრას ხელისუფლებიდან პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე წარმოადგენენ.
შეხვედრამდე, ოპოზიციის ოთხ პუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა, რომელიც მათ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით წარუდგინეს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამას არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ და აცხადებენ, რომ უკეთესი იქნებოდა შეხვედრამდე აღნიშნული დოკუმენტი არ გასაჯაროებულიყო.
გეგმის პირველი პუნქტი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. მეორე პუნქტის მიხედვით, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები ან უნდა ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილეთა უმრავლესობა კითხვას დადებითად უპასუხებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად.
რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სადაც ოპოზიცია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას ითხოვს.