იტალიის ქალაქ ნეაპოლის სტადიონს, სადაც საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ საშინაო მატჩებს ატარებს, დიეგო მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა. ამის შესახებ ქალაქის მუნიციპალიტეტი იტყობინება.
სან პაოლოს სტადიონისთვის სახელის გადარქმევის ინიციატორი ნეაპოლის მერი ლუიჯი დე მაჯისტრისია. მის ინიციატივას ქალაქის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.
ლეგენდარული დიეგო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაპოლის ღირსებას ის 1984-1991 წლებში იცავდა. მისი ლიდერობით, კლუბი იტალიის ორგზის ჩემპიონი და უეფას თასის მფლობელი გახდა. დიეგო მარადონას ნეაპოლის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს. საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ კი 10-ნომრიანი მაისურით არავინ თამაშობს.