შენგელიას 10 ქულა ევროლიგაში და ცსკა გალიდერდა

შენგელიას 10 ქულა ევროლიგაში და ცსკა გალიდერდა

ევროლიგის მე-12 ტურში მოსკოვის ცსკა-მ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. დიმიტრის იტუდისის გუნდმა ბერძნულ გრანდს საკმაოდ ადვილად, 80:61 აჯობა.

თორნიკე შენგელია მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო და 15:58 წუთში 10 ქულა, 1 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5-ს გაუტოლდა.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო, რომელმაც 16 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

მოსკოვურმა გუნდმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოპოვა და 12 ტურის თავზე 9 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მომდევნო ტურში ცსკა 11 დეკემბერს, ხიმკის ესტუმრება.