კატალონიური „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მარადონას ხსოვნისადმი მიღვნილი ჟესტის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ გამოცემა Dario Sport-ი წერს.
არგენტინელმა „ოსასუნას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ „ნიუელს ოლდ ბოიზის“ 10-ნომრიანი მაისური გამოაჩინა, რაც მისი დაჯარიმების მიზეზი გახდა. როცა მესი ამ კლუბის ბავშვთა გუნდში თამაშობდა, მარადონა კლუბის მთავარი შემადგენლობის ღირსებას იცავდა. მარადონას პატივსაცემი ჟესტის გამო მესი 600 ევროს, კატალონიური კლუბი კი 350 ევროს გადაიხდის.
დიეგო მარადონა გულის შეტევით 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დიეგო მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. დიეგო მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მარადონა 27 ნოემბერს ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს.