აშშ-ში კიდევ ერთი უცნაური ობელისკი აღმოაჩინეს

აშშ-ში კიდევ ერთი უცნაური ობელისკი აღმოაჩინეს

აშშ-ში კიდევ ერთი უცნაური ობელისკი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად ქანდაკება კალიფორნიაში, ქალაქ ატასკადეროში აღმოაჩინეს. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ობელისკის სიმაღლე 3 მეტრია, სიგანე კი 36 სანტიმეტრი. უცნობია, როგორ და როდის მოხვდა ობიექტი მთის მწვერვალზე, თუმცა ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სამშაბათს მთაზე ობელისკი არ უნახავთ.

აშშ-ში, იუტას უდაბნოში მსგავსი ობელისკი 18 ნოემბერს, ვერტმფრენიდან შენიშნეს. მას შემდეგ ინტერნეტ-მომხმარებლებმა ფოტოების მიხედვით მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს და ობიექტის სანახავად მიდიოდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ობიექტი გაუჩინარდა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ საქმის გამოსაძიებლად არც დრო აქვთ და არც რესურსები.

ობელისკის გაუჩინარების დღეს, ანალოგიური ქანდაკება უკვე რუმინეთში იპოვეს. ის 2 დეკემბერს გაუჩინარდა. არსებობს ვერსია, რომ იუტაში ნაპოვნი ობელისკები ამერიკელი ხელოვნის, ჯონ მაკკრაკენის ნამუშევარია.