დღეს, ღამის თორმეტ საათზე ზამთრის საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურება.
დილით ესპანურმა გამოცემამ „As” გაავრცელა ცნობა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ვალენსიას“ 26 წლის ნახევარმცველი ფერნანდო გაგო ისტორიულ სამშობლოში ბრუნდება. გაზეთის მტკიცებით, მადრიდის „რეალისა“ და იტალიური „რომას“ ყოფილი მოთამაშე კლუბ „ველეს სარსფილდში“ ჩაირიცხება.
თურქეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ემრე ბელეზოღლუც კარიერის გაგრძელებას სამშობლოში აპირებს. ესპანური მას-მედიის ინფორმაციით, თურქი სტამბულის „ფენერბახჩეში“ გადაბარგდება. ეს ტრანსფერი დღის განმავლობაში განხორციელდება.
გერმანული „ჰამბურგის“ მოთამაშე პაულ შარნერი ნახევარწლიანი იჯარით ინგლისურ „უიგანში“ გადავიდა.
გუშინ საღამოს მახაჩკალის „ანჟის“ აფრიკელი ლეგიონერი კრის სამბა ინგლისურ „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ ჩაირიცხა. ბოლო ნახევარ წელიწადში კონგოელი მცველი ლონდონური გუნდისთვის რიგით 28-ე შენაძენია.
გერმანული გამოცემა „Bild”-ის ცნობით, დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „აინტრახტის“ 22 წლის ნახევარმცველი სებასტიან როდე დაიწუნა. დიდია ალბათობა რომ დღესვე როდე მიუნჰენის „ბაიერნში“ აღმოჩნდეს.
ფრანგული „ვალანსიენის“ მცველი ნიკოლა ისიმატ-მარინი ინგლისურ „ფულჰემში“ გადავიდა. ბრიტანელებს მისი შეძენა 2.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
იტალიური „რომას“ 22 წლის მცველი ლუიკ ნერო ლიეჟის „სტანდარტში“ გადაბარგდა.
გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, დიდია ალბათობა დღეს „ტოტენჰემმა“ ფრანგული „ლიონის“ მოთამაშე ლისანდრო ლოპესი გაიფორმოს.
„ვესტ ჰემის“ მოთამაშე ადუ დიარა ფრანგულ „რენში“ გადაბარგდა. ბრიტანელებმა ფეხბურთელი ნახევარწლიანი იჯარის წესით გაუშვეს.
ბურკინა-ფასოს ნაკრებისა და „ლიონის“ მცველი ბაკარი კონე კარიერას სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გააგრძელებს
გამოცემა „Daily Mirror”-ის მტკიცებით, ირლანდიის ეროვნული გუნდისა და მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშე ეიდენ მაკგიდი დღეს ინგლისურ „უიგანს“ მიაშურებს. რუსულ გუნდს მისი გაყიდვა არ სურდა, მაგრამ წასვლა თავად მოთამაშემ მოისურვა. მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროა.
ინგლისური „ტოტენჰემისა“ და ბრაზილიური „ინტერნაციონალეს“ ხელმძღვანელებმა საერთო ენა გამონახეს და ლეანდრო დამიანი დღეს ბრიტანელებთან ხელშეკრულებას გააფორმებს.