საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მონაცემებით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს ბოსნია-ჰერცეგოვინამ, ხორვატიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და უკრაინამ, ასევე 4 მასპინძელი ქვეყნის გუნდს: საქართველოს, ჩეხეთს, გერმანიასა და იტალიას ევრობასკეტზე მონაწილეობა გარანტირებული აქვთ.
ამ დროისთვის, შესარჩევ ეტაპზე მაქსიმალური შედეგი 4-დან 4 მოგება მხოლოდ საქართველოს, ისრაელსა და ხორვატიას აქვს. ევროპირველობის 24-ვე მონაწილის ვინაობა დასკვნითი ორი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გაირკვევა, რომელიც მომავალი წლის 19-22 თებერვალს არის დაგეგმილი.
ევრობასკეტი 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო 2022 წლისთვის გადაიდო და 1-18 სექტემბერს ჩატარდება. ამ ტურნირისთვის თბილისში აქტიურად მიმდინარეობს ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა.