საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ცნობილი ფრანგი დიზაინერი კოკო შანელი ნაცისტებთან თანამშრომლობდა. თავის დროზე ქალბატონს ბრალდება ოფიციალურად ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ეს ლაქა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.
ცოტა ხნის წინ იტალიურმა გამოცემამ „La Stampa” შანელის შესახებ ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გაზეთს ამერიკელი ისტორიკოსი ჰოლ ვოგანი ესაუბრა და ჟურნალისტებს „Chanel”-ის სახლის დამფუძნებლის შესახებ ახალი ცნობები მიაწოდა.
აღმოჩნდა რომ შანელი ნაცისტების ჯაშუში მართლა ბრძანდებოდა. მისი კოდური სახელი „Westminster” გახლდათ, პირადი ნომერი კი F=712 გააჩნდა.
აბვერმა 57 წლის ფრანგი 1940 წელს გადაიბირა. ფაშისტების დავალებით შანელმა ესპანეთში რამდენჯერმე იმოგზაურა, ძირითადად, 1941 წლის აგვისტოში, ბარონ ლუი დე ვოლფრელანთან ერთად, რომელსაც გერმანელებმა ახალი ჯაშუშების გადაბირება დაავალეს.
საინტერესოა, რომ ფრანგ კოლაბორაციონისტთა სიაში შანელის სახელი ერთადერთი არ გახლავთ. მსგავსი ბრალდებებით ისეთი ცნობილი ადამიანები არიან გასვრილნი, რომლებიც ფრანგებს დღემდე ეროვნულ სიამაყედ მიაჩნიათ.
მათ შორის არიან ედიტ პიაფი, ძმები კარტიეები, ჟან კოკტო, მორის შევალიე და საშა გიტრი.
ეს ახლადგამოქვეყნებული ცნობები კოკო შანელის იმიჯს სასტიკ დარტყმას აყენებს. ქალი ნაცისტებთან რაიმე კავშირს ყოველთვის სასტიკად უარყოფდა.