თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, თედო გორგოძე ამბობს, რომ არაერთხელ შედგა საუბარი და პროფესიული კამათი დაკავებულ ივერი მელაშვილთან, მაგრამ იგი თავიდანვე მათი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა და ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. როგორც გორგოძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ვერანაირად ვერ მოხერხდა შეთანხმება პროფესიულ საკითხებზე და განსაკუთრებით ეს შეეხებოდა 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბიან რუკას, რომელიც მელაშვილს უვარგისად და არაზუსტად მიაჩნდა.
for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თედო გორგოძესთან.
ბატონო თედო, პატიმრობაში მყოფი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები მუდმივად ხაზს უსვამენ და ერთ–ერთ მთავარ არგუმენტად 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის საწინააღმდეგოდ აპელირებენ იმ ფაქტით, რომ, თითქოს აღნიშნული რუკა შექმნილია 1932–33 წლებში და არა 1937–38 წლებში. მათი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რუკით ჩვენ გავდივართ 1938 წლის სამართლებრივი სივრციდან და შევდივართ 1932–33 წლებში, რაც გამოყენებული იქნება აზერბაიჯანული მხარის მიერ და ამის გამო, ისინი მოითხოვენ 1929 წლის მდგომარეობით სახელმწიფო საზღვრის გავლებას, რაც ჩვენთვის ძალზედ საზიანო იქნება. ბატონო თედო, როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხის მიმართ?
თედო გორგოძე: პირველ რიგში, მოგახსენებთ 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის შექმნის მოკლე ისტორიას. ამ რუკების შექმნა ნამდვილად დაწყებულია 1932-33 წლებში, რაც რუკის ლეგენდაშიც არის მითითებული, მაგრამ რატომღაც აღნიშნულ ლეგენდას ბოლომდე აღარ ასაჯაროვებენ, სადაც გარკვევით წერია, რომ შესწორებები, დამატებები და ადმინისტრაციული მონაცემები შეტანილია 1936-38 წლებში. ზოგადად, ტოპოგრაფიული რუკის შექმნა ურთულესი პროცესია და იგი აუცილებლად გრძელდება წლების განმავლობაში.
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრს ფარავს 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის ოთხი ფურცელი - XXII, XXIII, XXVIII და XXIX. უფრო ნათლად გასაგები რომ იყოს საზოგადოებისათვის, რუკის ცალკეულ ფურცლებზე შესწორებები, დამატებები და ადმინისტრაციული მონაცემები შემდეგნაირად არის მოცემული: XXII და XXVIII ფურცლებზე - 1936 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, XXIII და XXIX ფურცლებზე - 1938 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.
გარდა ამისა, XXII და XXVIII ფურცლები გამოცემულია 1937 წელს, ხოლო XXIII და XXIX ფურცლები - 1938 წელს. კარტოგრაფიულად მიღებულია, რომ რუკა ასახავს გამოცემის პერიოდის მდგომარეობას, რადგან რუკის გამოცემამდე ნებისმიერ დროს შესაძლებელია მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. ეს არის კარტოგრაფიული აქსიომა, რაც ემყარება რუკათშედგენისა და წარმოების საერთაშორისოდ აპრობირებულ მეთოდებს და ამას ვერავინ გადაუხვევს.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, თითქოს 1937-38 წლებში გამოცემული 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის გამოყენებით ჩვენ გავდივართ 1938 წლის სამართლებრივი სივრციდან, რაც აზერბაიჯანულ მხარეს მისცემს საშუალებას მოითხოვოს საზღვრის გატარება 1929 წლის მდგომარეობით, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არის სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული მსჯელობა. 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის გამოყენება კატეგორიულად აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად გაიშიფროს და გაანალიზდეს 1938 წლის შეთანხმებით დადგენილი საზღვრის მდგომარეობა, რომელიც 1 : 500 000 მასშტაბიან რუკაზე იქნა ხელმოწერილი. ვინაიდან, 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკა საკმაოდ წვრილმასშტაბიანია, იგი არ იძლევა კარტოგრაფიული ანალიზის საშუალებას და მისი გამოყენებით წარმოუდგენელია საზღვრის მდგომარეობის ანალიზი.
გარდა ამისა, ჩვენ არ გაგვაჩნია აღნიშნული ხელმოწერილი რუკის დედანი და გვაქვს მხოლოდ სქემატური „ამონახაზი“, რომელიც კიდევ უფრო მეტად ართულებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კარტოგრაფიული ანალიზის ჩატარებას. 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკა ყველა შემთხვევაში შედგენილია 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის საფუძველზე და აქედან გამომდინარე, ამ ორ რუკას შორის ლოგიკური კავშირი ეჭვს არ იწვევს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის გამოყენება აუცილებელია 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკის გასაშიფრად და ეს არანაირად არ ნიშნავს 1938 წლის სამართლებრივი სივრციდან გასვლას.
1929 წელთან დაკავშირებითაც მინდა განმარტება გავაკეთო, რადგან ამ თემით ძალიან ხშირად სპეკულირებენ. 1929 წლის 18 თებერვალს გაიმართა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მატროსთა საბჭოების პრეზიდიუმის სხდომა, რომელმაც განსაზღვრა საზღვრების ცვლილება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის სადავო ტერიტორიებთან მიმართებაში. აღნიშნული სხდომის პროტოკოლში დაფიქსირებული შეთანხმებები გეოგრაფიული კოორდინატებით არის აღნიშნული და ჩვენთვის უფრო არასახარბიელო მდგომარეობაა, ვიდრე 1938 წლის შემთხვევაში.
ამ შეთანხმებების კარტოგრაფიულ საფუძვლად გამოყენებული იყო 5-ვერსიანი რუკა (მასშტაბი 1 : 210 000), რომელიც გამოიცემოდა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 1920-იანი წლების ჩათვლით. აღნიშნულ რუკებს გააჩნია სრულიად სხვა მათემატიკური საფუძველი და იგი სიზუსტის მხრივ ახლოსაც ვერ მიდის 1937-38 წლებში გამოცემულ 1 : 200 000 მასშტაბიან რუკებთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული ნიუანსი, რაც ამტკიცებს იმას, რომ კომისიის ყოფილი წევრები მიზანმიმართულად არ იყენებდნენ 1 : 200 000 მასშტაბიან რუკას საზღვრის დელიმიტაციის პროცესში. 5-ვერსიანი რუკების გეოგრაფიული კოორდინატები სრულიად სხვა სისტემით არის შედგენილი და არანაირ კავშირში არ არის შემდეგი პერიოდის რუკებზე არსებულ გეოგრაფიულ კოორდინატებთან და გარდა ამისა, ეს რუკები საკმაოდ არაზუსტია, მათი შექმნის პერიოდიდან და მეთოდებიდან გამომდინარე. 1929 წლის შეთანხმებაზე გადასვლა ავტომატურად ნიშნავს 5-ვერსიანი რუკების გამოყენებას. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკა არის არაზუსტი და უვარგისი, ხოლო 5-ვერსიანი რუკა ზუსტი და ვარგისი?
აღნიშნული ანუ 5-ვერსიანი რუკა, შედგენილია ტოლფართ პროექციაში და მას გააჩნია კუთხეების, მანძილებისა და ფორმების დამახინჯება (ფართობების გარდა). ამასთანავე, მასზე შეუძლებელია ჩვეულებრივი გეოგრაფიული კოორდინატების (და მით უმეტეს მეტრული კოორდინატების) განსაზღვრა და ზუსტი გაზომვების ჩატარება. ამის მიუხედავად, ი. მელაშვილსა და ნ. ილიჩოვას ერთხელაც არ დაუფიქსირებიათ აზრი 5-ვერსიანი რუკის უზუსტობისა და უვარგისობის შესახებ. ამავე დროს, რატომღაც მათ კეთილგანწყობას არანაირად არ იმსახურებს 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკა, რომელსაც საკმაოდ მაღალი სიზუსტე გააჩნია და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მხრივ დიდი უპირატესობა გააჩნია 5-ვერსიან რუკასთან შედარებით.
აღნიშნულით ნათლად ჩანს კომისიის ყოფილი წევრების არაპროფესიონალური და არარგუმენტირებული მტკიცება 1 : 200 000 მასშტაბიან რუკასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც კარტოგრაფისათვის, ძალიან საინტერესო იქნება იმ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება, რომელიც თავგამოდებით ამტკიცებდა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკის უვარგისობას. მინდა მივმართო მას, რომ შეადაროს 5-ვერსიანი რუკა 1937-38 და 1970-იანი წლების 1 : 200 000 მასშტაბიან რუკებთან და დაასაბუთოს, რომ 5-ვერსიანი რუკა უფრო ზუსტია 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბიან რუკასთან შედარებით და, რომ იგი (5-ვერსიანი რუკა) ემთხვევა 1970-იანი წლების 1 : 200 000 მასშტაბიან რუკას. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია კარტოგრაფიული და გეოინფორმაციული კვლევის რა მეთოდებს გამოიყენებს ექსპერტი აღნიშნული შედარებისა და ანალიზისათვის, რომ შესაბამისი შედეგის მიღება შეძლოს.
რაც შეეხება 1929 წლის შეთანხმებაზე გადასვლის სამართლებრივ მხარეს. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანული მხარისაგან მსგავსი მოთხოვნის დაყენება სრულიად გამორიცხულია, მაგრამ თუკი მაინც მოხდება ასეთი რამ, ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს სრული უფლება აქვს მოითხოვოს 1920 წლის 12 ივნისის საზავო ხელშეკრულებაზე გადასვლა, რომელიც მიღებულია საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის და ეს იურიდიული დოკუმენტი უფრო დიდი მნიშვნელობისაა ვიდრე 1929 წლის 18 თებერვლის შეთანხმება.
დაკავებულების დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ 1937-38 წლის რუკა უვარგისია, ხოლო თავად მელაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ეს რუკა „ვადაგასულია“...
– აბსურდულია მათი მტკიცება და არ ექცევა არანაირ პროფესიულ თუ ლოგიკურ ჩარჩოებში. 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკა შედგენილი და გამოცემულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ, რომელიც ყველას კარგად მოეხსენება როგორ სტრუქტურას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის დროს. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი შემთხვევაში რაიმე უზუსტობისა და შეცდომის დაშვება რუკაზე? კარტოგრაფიული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ეს რუკა იმ დროისათვის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ანუ დეტალური და ზუსტი იყო. ამას პირველ რიგში ადასტურებს რუკის მათემატიკური საფუძველი, კონკრეტულად კი ის, რომ რუკა შედგენილია მიუფლინგის მრავალწახნაგა პროექციაში და მასზე დასმულია გაუს-კრიუგერის სწორკუთხა კოორდინატთა ბადე.
გარდა ამისა 1 : 200 000 მასშტაბის რუკით ხდებოდა იმ პერიოდში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესების დაგეგმვა და მართვა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. ამავე პერიოდში, 1 : 200 000 მასშტაბის საბჭოთა რუკების საფუძველზე, იგივე მასშტაბისა და შინაარსის რუკები აქვს შედგენილი გერმანიის არმიას, რომელსაც აქტიურად იყენებდა საბრძლო ოპერაციებისათვის. რა თქმა უნდა, ზედმეტია იმის მტკიცება, რომ უვარგის რუკას ასეთი სამუშაოებისათვის ვერ გამოიყენებდნენ.
რაც შეეხება რუკის „ვადაგასულობას“, მსგავსი ტერმინი კარტოგრაფიულ მეცნიერებაში არ არსებობს. თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ გამოდის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნებისმიერი რუკა ვადაგასული იქნება და ისტორიული შინაარსის მქონე რუკის ცნება აზრს დაკარგავს. გარდა ამისა, თუკი 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკა შეიძლება ვადაგასული იყოს, მაშინ რატომ იქნება ვარგისი 1938 წლის 1 : 500 000 მასშტაბის რუკა? აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 : 200 000 მასშტაბის რუკა ყველა პარამეტრით უფრო უკეთესია საზღვრების დელიმიტაციის პროცესში გამოსაყენებლად, ვიდრე 1 : 500 000 მასშტაბის, რომელზე 1938 წელს შეთანხმება მოხდა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკის უზუსტობასა და მით უმეტეს, უვარგისობაზე აზერბაიჯანულ მხარეს არასოდეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. გასაგებია, რომ მათ არ აწყობთ ამ რუკის გამოყენება, რადგან შემდეგი პერიოდის რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზი უფრო სასარგებლოა მათთვის.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი გარემოება, საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში იმყოფებოდა ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობა, რომელიც მუშაობს სახელმწიფო საზღვრების მოწესრიგების საკითხებზე. მათ მიერ შეფასდა ქართული მხარის პოზიცია სასაზღვრო დავებთან მიმართებაში სამართლებრივი და კარტოგრაფიული თვალსაზრისით და პირველად დასკვნაში გამორჩეული ადგილი დაიჭირა 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკამ, რომელიც ყველაზე მყარ კარტოგრაფიულ დოკუმენტად იქნა მიჩნეული საზღვრის სადელიმიტაციო სამუშაოების წარმოებისათვის უცხოელი ექსპერტების მიერ.
თქვენი აზრით, რატომ აქვს ლოგიკური ბმა 1938 წელს შეთანხმებულ 1 : 500 000 მასშტაბიან რუკას 1937-38 წლებში გამოცემულ 1 : 200 000 მასშტაბიან რუკასთან და არა მომდევნო წლებში გამოცემულ კარტოგრაფიულ მასალასთან, რასაც უფრო მართებულად მიიჩნევენ პატიმრობაში მყოფი მელაშვილი და ილიჩოვა?
– როგორც უკვე აღვნიშნეთ 1938 წელს შეთანხმებული 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკა შედგენილია 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკიდან, რაც თავისთავად უკვე მიუთითებს მათ შორის ლოგიკურ კავშირზე და 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკის გაშიფვრა წარმოუდგენელია 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის გარეშე. რაც შეეხება შემდეგი პერიოდის რუკებს. 1942 წლიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო 1 : 100 000 და 1 : 50 000 მასშტაბიანი რუკების გამოცემა. იური მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ამტკიცებენ, რომ ამ რუკებზე საზღვრის ხაზი დატანილი იყო 1938 წლის 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკის მიხედვით, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
მაგალითისათვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ რუკათა შედარება ერთმანეთთან. დავუშვათ, რომ 1 : 500 000 მასშტაბიან რუკაზე საზღვრის ხაზის სიგრძე შეადგენს 5 სმ-ს, მაშინ იგივე ხაზი 1 : 100 000 და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე იქნება 25 სმ და 50 სმ შესაბამისად. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1 : 500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი საზღვრის ხაზი გაცილებით უფრო მარტივი სიმრუდისაა ანუ კარტოგრაფიული ენით რომ ვთქვათ - „გენერალიზებულია“, ვიდრე 1 : 100 000 და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე. წარმოვიდგინოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ 5 სმ სიგრძის მარტივი სიმრუდის მქონე ხაზიდან მივიღოთ 25 და 50 სმ სიგრძის რთული მრუდის მქონე ხაზები. რა თქმა უნდა, შეუძლებელია და აღნიშნულის მტკიცება მიუთითებს სრულ კარტოგრაფიულ უვიცობაზე.
ბატონო თედო, თქვენს მიერ ჩატარებული კარტოგრაფიული ანალიზით რა არის დადგენილი?
– ჩვენს მიერ ჩატარებული კარტოგრაფიული ანალიზით დადგენილია, რომ 1 : 100 000 და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე საზღვრის ხაზი დატანილია მიწათმოწყობის მასალების მიხედვით, რომლებიც არსებობდა ცალკეული რაიონებისათვის, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობებისათვის, სოფლებისათვის და სხვა ცალკეული ტერიტორიებისათვის. აღნიშნული მასალები შედგენილი იყო 1 : 100 000, 1 : 50 000 და ზოგ შემთხვევაში უფრო მსხვილ მასშტაბებში და მათი გარკვეული რაოდენობა დღემდე არის შემონახული არქივებში.
გარდა ამისა, ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ქართულ მხარეს გააჩნია მხოლოდ 1 : 500 000 მასშტაბის შეთანხმებული რუკის სქემატური „ამონახაზი“, რომელზე დატანილია ორი საზღვრის ხაზი: შავი ფერით -1938 წლის 5-7 მარტს შეთანხმებული საზღვრის ხაზი, ხოლო წითელი ფერით - 1938-40 წლების მიწათმოწყობის მასალების მიხედვით გატარებული საზღვრის ხაზი. საზღვრების კარტოგრაფიული ანალიზით მტკიცდება, რომ შავი ფერით დატანილი საზღვარი მსგავსებაშია 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკაზე არსებულ საზღვრის ხაზთან, ხოლო წითელი ფერით დატანილი - 1942 წლის 1 : 100 000 მასშტაბის რუკის საზღვრის ხაზთან. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს 1938 წლის 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკის ლოგიკური კავშირი 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკასთან და არა შემდეგი პერიოდის კარტოგრაფიულ მასალებთან.
ყოფილი კომისიის დაკავებულ წევრებს 1 : 200 000 მასშტაბის რუკით რომ ესარგებლათ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს მთლიანობაში უფრო მეტი ტერიტორია რჩება, ვიდრე შემდგომი წლების რუკებით? ასევე, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს მონასტერი ყოველ მიზეზგარეშე საქართველოს შემადგენლობაში იქნება?
– რა თქმა უნდა. ნებისმიერი გათვლებით 1:200 000 მასშტაბიანი რუკით სარგებლობა საქართველოსათვის მომგებიანია. ტერიტორიათა დაახლოებითი თანაფარდობა ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი 80%-20%-ზეა საქართველოს სასარგებლოდ. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რუკით საქართველოს ტერიტორიაზე ხვდება ჩვენთვის ყველაზე უფრო მგრძნობიარე ადგილები, როგორიც არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ჩიჩხიტურის კოშკი, უდაბნოს მონასტერი კელიების ჩათვლით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მწვერვალი და წითელი ხიდის მიდამოები.
უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე არ ხვდება ბერთუბნის მონასტერი, რომელიც გარეჯის თხემიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში.
როგორც ჩემთვის ცნობილია, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში არსებობდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიათა გაცვლის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქვეყანას შორის 510 ჰა ფართობის ტერიტორიის გაცვლას. აღნიშნული პროექტის მიხედვით დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ბერთუბნის მონასტრის ჩათვლით, მთლიანად ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დელიმიტაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართული მხარე შეძლებს აღნიშნული პროექტის განახლებას.
ისინი აპელირებენ იმაზე, რომ ეს შეთანხმება არ ეხება გარეჯის მონაკვეთს და რატომ ვახსენებთ დავითგარეჯსო? ბატონო თედო, ავხსნათ რატომ ვახსენებთ დავითგარეჯს?
– აბსოლუტური სიცრუე და უპასუხისმგებლობაა იმის მტკიცება, რომ ეს საქმე დაკავშირებული არ არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. 2006 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიათა მიერ საზღვრის ხაზი შეთანხმდა ჩიჩხიტურის კოშკამდე (კოშკის დასავლეთით) და მწვერვალ უდაბნომდე (მწვერვალიდან აღმოსავლეთით). დღეის მდგომარეობით შეუთანხმებელია საზღვრის მონაკვეთი ჩიჩხიტურის კოშკსა და მწვერვალ უდაბნოს შორის. ამ შეუთანხმებელ არეალშია მოქცეული დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც თხემზე და მის სამხრეთით მდებარეობს და დღეისათვის იქ შესვლა პრობლემას წარმოადგენს ქართული მხარისათვის.
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიებს შორის შეთანხმება არის პირველი დონის იურიდიული დოკუმენტი და იგი არ წარმოადგენს რატიფიცირებულ საზღვარს, მაგრამ ამ შეთანხმებების საფუძველზე ხდება მესაზღვრეთა განლაგების ცვლილება ორივე ქვეყნის მხრიდან, რაც განხორციელდა კიდეც 2006 წლის კომისიათა შეთანხმების შემდგომ და ამან გამოიწვია ყველაზე სერიოზული სასაზღვრო პრობლემები. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამის შემდეგ რეგულარულად განლაგდნენ თხემზე, როგორც ჩიჩხიტურის კოშკთან, ასევე უდაბნოს მონასტრის მიმდებარედ და თანდათან მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა.
ახლა თქვენ გააკეთეთ დასკვნა, ეხება თუ არა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეხება და სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითად. რომ არ ყოფილიყო 2006 წლის შეთანხმება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თხემზე ვერ დადგებოდნენ, რადგან საზღვრის შეუთანხმებლობის შემთხვევაში დარჩებოდა ადრე არსებული მდგომარეობა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეთა განლაგების არეალი იქნებოდა თხემის ქვემოთ. სამწუხაროდ, ეს არის კომისიის ყოფილი წევრების ყველაზე დიდი შეცდომა ან დანაშაული საზღვრის დელიმიტაციის პროცესში. აქედან გამომდინარე, მტკიცება იმისა, რომ აღნიშნული თემა არ ეხება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს, არის სიყალბე და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.
თუკი, 1938 წელს რესპუბლიკათაშორის საზღვრებზე, საქართველო–აზერბაიჯანმა ხელი 1 : 500 000 მასშტაბის რუკაზე მოაწერა, მაშინ იურიდიულად რამდენად ლეგიტიმურია დემილიტაციის პროცესში ქართული მხარის მიერ 1 : 200 000 მასშტაბიან რუკაზე აპელირება? და, რა იურიდიული და ფაქტობრივი მდგომარეობით ამყარებთ ამ რუკას?
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარტოგრაფიულ მეცნიერებაში მიღებული რუკათშედგენის მეთოდების შესაბამისად 1938 წელს შეთანხმებული 1 : 500 000 მასშტაბის რუკის საფუძველს წარმოადგენს 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკა. გამომდინარე იქედან, რომ 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკა საკმაოდ წვრილმასშტაბიანია და არ იძლევა ანალიზის საშუალებას და საზღვრის მოხაზულობით, რაც ამ რუკაზეა დატანილი, ადგილზე რაიმეს გარკვევა შეუძლებელია, ამიტომ, დაისვა საკითხი, რომ 1 : 500 000 მასშტაბიანი რუკა გაანალიზდეს 1 : 200 000 მასშტაბიანი რუკის დახმარებით.
ხოლო სადაც არ იქნება საკმარისი 1 : 200 000 მასშტაბის რუკა, იქ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა კარტოგრაფიული მასალა, მათ შორის, რა თქმა უნდა, შემდეგი პერიოდის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რუკა თავად წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს, განსაკუთრებით თუ იგი სახელმწიფო დანიშნულებით არის შექმნილი და გამოცემული.
1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკას ყველანაირი ლეგიტიმაცია გააჩნია, რადგან იგი წარმოადგენდა თავისი პერიოდისათვის ყველაზე მსხვილმასშტაბიან და დეტალურ სახელმწიფო დანიშნულების მქონე ტოპოგრაფიულ რუკას და მისი გამოცემა მოხდა საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის მიღების შემდგომ, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი, როგორც იურიდიული დოკუმენტის ღირებულებას.
ბატონო თედო, გქონიათ თუ არა ამ კარტოგრაფიულ ნიუანსებზე და ფაქტობრივ ვითარებაზე საუბარი ივერი მელაშვილთან? მე, როგორც მახსოვს თქვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიაში ერთად იყავით. რა იყო მისი არგუმენტები თქვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ და თავისი პოზიციის მართებულობის დასაცავად?
– არაერთხელ შედგა საუბარი და პროფესიული კამათი ბატონ ივერი მელაშვილთან, მაგრამ იგი თავიდანვე ჩვენი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა და ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. ვერანაირად ვერ მოხერხდა ჩვენი შეთანხმება პროფესიულ საკითხებზე. განსაკუთრებით ეს შეეხებოდა 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბიან რუკას, რომელიც ი. მელაშვილს უვარგისად და არაზუსტად მიაჩნდა. რაც შეეხება ბატონ ივერის არგუმენტებს, ჩვენ მისგან ერთხელაც კი არ მოგვისმენია დასაბუთებული და პროფესიონალური მსჯელობა საკითხის ირგვლივ. პირიქით, იგი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ზოგადი ფრაზებით და მიაჩნდა, რომ ჩვენ არ გვესმოდა საკითხის არსი და დილეტანტები ვიყავით. თავდაპირველად კომისიის სამუშაო მასალა ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყო. წლები დაგვჭირდა, რომ კომისიის სამუშაო დოკუმენტების მცირე ნაწილს გავცნობოდით, ხოლო უმეტესი ნაწილი მას შემდეგ გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი, როდესაც ბატონი ივერი კომისიის წევრი აღარ იყო ანუ 2019 წლის მაისის შემდეგ.
დაკავებულების ადვოკატები, მათ შორის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ საქმის გამოყენება წინასაარჩევნოდ მოხდა და რეალურად არაფრის გამო მოხდა ადამიანების დაკავება. რეალური მდგომარეობა კი იმაში მდგომარეობს, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად შექმენით დოკუმენტები, რის საფუძველზეც გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ბატონო თედო, როგორია თქვენი პოზიცია იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რასაც დაკავებულები და მათი დაცვის მხარე გიყენებთ, რომ თქვენ ხელი შეუწყვეთ ორი „უდანაშაულო“ ადამიანების დაკავებას?
– თუკი ამ თემის გამოყენება მართლა წინასაარჩევნოდ მოხდა, მაშინ ლოგიკურია, რომ აღარ გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ ასე არ არის. მე მჯერა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდება, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება და გარკვეული დროც დასჭირდება. დაკავებულების ბრალეულობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ, პროფესიული შეცდომა დაუშვეს, რამაც ქვეყანას გარკვეული საფრთხე შეუქმნა. რაც შეეხება იმას, თუ რა იდგა ამ ყველაფერის უკან, ეს გამოძიების გასარკვევია და მე ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.
არ მინდა ძალიან სენტიმენტალური ვიყო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან მაწუხებს ამ ორი ადამიანის მდგომარეობა და მიუხედავად მათი პროფესიული გადაცდომისა, იმედი მაქვს, რომ მალე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან. ჩემთვის ნამდვილად უხერხულია იმის მტკიცება, რომ მე მათ დაკავებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, კომისიის ყოფილი წევრები დაეკავებინათ ისეთი ადამიანების მიზეზით, რომლებიც საზღვრების თემაზე მხოლოდ პროფესიულად მუშაობდნენ?
სავარაუდოდ, პროკურატურას ჰქონდა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რამაც ეს შედეგი მოიტანა. ამ თემაზე მუშაობა და პროფესიული კამათი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით და ვასრულებთ ქვეყნისა და სამსახურის წინაშე. როდესაც საქმე ეხება ჩვენი სამშობლოს ტერიტორიებს, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანის თუ პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი მეორეხარისხოვანია.
ამ კამათში ჩვენი აზრი რომ ყოფილიყო მცდარი და ანალოგიური შეცდომა დაგვეშვა, ჩვენს მიმართ იქნებოდა იგივე დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან და აუცილებლად დადგებოდა ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, არც ჩვენი სამშობლოს, არც ჩვენი პროფესიის და არც ჩვენი სინდისის წინაშე. ამას რა მოჰყვა, ეს უკვე სხვა თემაა. ჩვენ ვალდებული ვიყავით, რეალური მდგომარეობა შეგვესწავლა.
ვიღაცეებისთვის ჩვენ ვართ ამ საქმეში დამნაშავეები და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ქვეყნისათვის საზიანოდ ვმოქმედებდით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ვინმე დარღვევას აღმოაჩენს, კანონის მთელი სიმკაცრით ვაგებ პასუხს. დღეს რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდეს, ზუსტად იგივე გზას გავივლიდი, რაც გავიარე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გზით ვიარე.
ყოველივე ამ ვითარებიდან გამომდინარე და ასევე, თუ ამოვალთ იმ განცხადებებიდან, რასაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დავითგარეჯის საკუთრებასთან დაკავშირებით აკეთებდნენ, ვგულისხმობ ნინო კალანდაძის, ნიკა რურუას, გოკა გაბაშვილის და, რა თქმა უნდა, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, ასევე მოვისმინეთ ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადება, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ამ საქმის პოლიტიზირება და დაპატიმრებულების ე. წ. სინდისის პატიმრებად გამოცხადება?
– პოლიტიკური თვალსაზრისით გამიჭირდება დასაბუთებული პასუხის გაცემა. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის, სრულიად გაუგებარია რატომ უნდა ამტკიცებდეს ხელისუფლების წარმომადგენელი ან ნებისმიერი პოლიტიკოსი იმას, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელ სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, თითქოს აზერბაიჯანის კუთვნილებას წარმოადგენს.
ყველაზე პარადოქსი ის არის, რომ კარტოგრაფიულ თემებს აქტიურად განიხილავენ სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანები და თავს უფლებას აძლევენ საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ. კარტოგრაფია რთული მეცნიერებაა და შესაბამის ცოდნასთან ერთად დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამიტომ, ასეთი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ იმ პროფესიაზე მსჯელობისაგან, რაშიც ფაქტობრივად არაფერი გაეგებათ. ამ საქმეს რატომღაც პოლიტიკური ელფერი მიეცა და გაუთავებლად მიდის აპელირება იმ თემით, რომ 1937-38 წლების 1 : 200 000 მასშტაბის რუკა უვარგისია და თითქოს მისი გამოყენება არანაირად არ შეიძლებოდა.
არადა ეს ერთადერთი კარტოგრაფიული მასალაა, სადაც საზღვარი ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლოდ გადის და ამ რუკის მიმართ ყველა დადებითად უნდა იყოს განწყობილი, მიუხედავად ეროვნებისა, პროფესიისა და რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსისა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია როგორ უნდა აზროვნებდეს ადამიანი და როგორ უნდა მიაჩნდეს თავი სამშობლოს პატრიოტად თუ ამას უარყოფს? პირიქით, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ თემის ირგვლივ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო მდგომარეობას.
რა შეცდომა..... რის შეცდომა ......ეს განზრახ ჩადენილი დანაშაულია
საქართველოში ბავშვმაც კი იცის რომ გარეჯი საქართველოა და როგორ..... მაგათ არ იცოოდნეეენ ?/
ბლეფია ბლეფი ...