ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის“, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.
„ნატოს ღია კარის პოლიტიკა უნდა გააქტიურდეს. ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან, შეეცადოს გააძლიეროს ურთიერთობა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და დაუპირისპირდეს დესტაბილიზაციას დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ნატოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გრძელდება.
„რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და აგრესიული ქმედებები ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია და უარყოფითად იმოქმედა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნავენ ნაგტოს ექსპერტები.
ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნული დოკუმენტი დღეს წარადგინა და მას ნატოს გენერალური მდივანი 3 დეკემბერს ექსპერტებთან ერთად კარნეგის ცენტრში განიხილავს.